გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

კობახიძე: ენმ-ის ბრალდებებს მკაცრი რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანაში აფეთქებას გამოეხმაურა. კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ "გვაქვს კონკრეტული ვარაუდის საფუძველი, რომ ამ ყველაფერს ჰქონდა პოლიტიკური სარჩული".

"მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის მოტივი საბოლოოდ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, გვაქვს მყარი საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ეს ფაქტი არის დაკავშირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებთან. შემაშფოთებელია, რომ დანაშაულებრივი აქტის განხორციელებისთანავე, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან გაისმა ბრალდებები ქართული ოცნების და ხელისუფლების მიმართ, რასაც ჩვენ ვერ დავტოვებთ მკაცრი რეაგირების გარეშე. გუშინდელმა აქტმა კიდევ ერთხელ გაგვიმყარა რწმენა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები ძალაუფლების ხელში ჩაგდების ზღვარგადასული სურვილის გამო. მკაცრად ვაფრთხილებთ ამ ადამიანებს, უარი თქვან დანაშაულებრივ განზრახვებზე და ნუ ეცდებიან ჩრდილის მიყენებას დემოკრატიული საარჩევნო პროცესისთვის. დანაშაულისთვის კვალიფიკაციის მინიჭება მხოლოდ და მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა. გვაქვს კონკრეტული ვარაუდის საფუძველი, რომ ამ ყველაფერს ჰქონდა პოლიტიკური სარჩული", - ამბობს კობახიძე.

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მოუწოდა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს, დააკვირდნენ ენმ-ის დღევანდელ აქციას, რადგან "არსებობს რისკები".

"არსებობს რისკები, ამ რისკებზე ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდნენ დღევანდელი აქციის მიმდინარეობას, აგრეთვე საარჩევნო პროცესებს მომდევნო სამი დღის განმავლობაში, რათა აღიკვეთოს ვითარების დესტაბილიზაციისა და პროვოკაციების მოწყობის ყოველგვარი მცდელობა. გამოვთქვამთ იმედს, რომ სამართალდამცავი ორგანოები შეძლებენ დანაშაულის მოტივისა და დამნაშავის სწრაფად დადგენას", - თქვა კობახიძემ.

გუშინ საღამოს, საპარლამენტო უმცირესობის წევრს გივი თარგამაძეს აფეთქებდნენ. ტერაქტის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა. აფეთქების დროს, გივი თარგამაძე და მისი მძღოლი მანქანაში იმყოფებოდნენ. შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები