გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

თარგამაძის მკვლელობის მცდელობის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ენმ-ის წევრის, გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის შედეგად 4 პირი დაშავდა - ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა.

სერგეენკოს თქმით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მეორეს მდგომარეობა მსუბუქია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ინფორმაციის შეგროვება ისევ გრძელდება.

"ამ წუთის მონაცემებით, არის ოთხი დაზარალებული, ორი მათგანი იმყოფება ინგოროყვას კლინიკაში, ერთის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, მას სჭირდება ოპერაციული ჩარევა, მეორეს მდგომარეობა არის მსუბუქი. ორი დაზარალებული არის გვერდზე კლინიკაში ანუ ამ წუთის მონაცემებით არის ოთხი დაზარალებული, თუმცა, ინფორმაციას სრულად მოვაგროვებთ და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურ ყურადღებნას გავუწევთ. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არც ერთს არ აღენიშნება, ოთხიდან ერთი პაციენტს ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა. რა თქმა უნდა, ფაქტი მიუღებელია, მითუმეტეს ის, რომ დაზარალებული არიან ის ადამიანები, ვინც ირგვლივ იმყოფებოდნენ და ასრულებდნენ თავის საქმეს, შემთხვევითი გამვლელები და იქ მომუშავე ადამიანები, რა თქმა უნდა, ფაქტი მიუღებელია, დასაგმობია, დარწმუნებული ვარ, სამართალდამცველები უმოკლეს ვადებში გამოიძიებენ ამ საქმეს", - განაცხადა სერგეენკომ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე შს მინისტრის მოადგილემ, ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

"ჩვენი პირველადი მონაცემებით, 3 ადამიანია დაშავებული, რომლებიც გადაყვანილები არიან სტაციონარში", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ბესიკ ამირანაშვილმა.

 

კომენტარები