რუსთავი 2-ის საქმე

ახვლედიანი: გვარამიას ჩემთვის ქრთამი არ შემოუთავაზებია

მამუკა ახვლედიანი
ipress.ge

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ამბობს, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორ ნიკა გვარამიასგან ქრთამზე შეთავაზება არ მიუღია.

"შევხვედრივარ პაატა ბურჭულაძეს, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს ერთად, კიდევ ძალიან ბევრ პოლიტიკოსს. და მათთვისაც "ჩამიბარებია ანგარიში" და მისაუბრია სასამართლოსთან დაკავშირებულ ძალიან ბევრ პრობლემურ თემაზე. წარმოუდგენელია, რა 6 მილიონი - კიდევ მთვარეზე მიწის ნაკვეთს მთავაზობდა ბიძინა ივანიშვილი. არავინ არაფერს არ მთავაზობდა. არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლების ინტერესში შედიოდეს ეს ყველაფერი, ან იმ ადამიანების, რომლებიც დღევანდელ სასამართლო ხელისუფლებას აფარებს ხელს", - ამბობს ახვლედიანი.

ქართული ოცნების წევრები კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე კი ნიკა გვარამიას მხრიდან მამუკა ახვლედიანისთვის ქრთამის შეთავაზებასა და გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ.

როგორც ცნობილია, ამ საკითხზე ნიკა გვარამიამ გუშინდელ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ტელეკომპანია მამუკა ახვლედიანს სასამართლოს თავმჯდომარეობის პერიოდში პირად უზრუნველყოფას ჰპირდებოდა როგორც უსაფრთხოების, ასევე მატერიალური კუთხით, თუ ის სისტემურ დანაშაულზე ხმამაღლა იტყოდა.

"ჩანაწერში, რუსთავი 2-ის სახელით, ვაძლევ გარანტიას მამუკა ახვლედიანს, რომ თუ მას რამე აქვს სათქმელი, მის პირად უზრუნველყოფას როგორც უსაფრთხოების, ასევე მატერიალური კუთხით ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე. ის ე.წ. whistle blower-ია - ადამიანი, რომელიც სისტემურ დანაშაულებზე ყვება შიგნიდან და მას სჭირდება დაცვა", - თქვა გვარამიამ.

კომენტარები