ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ფიქრობს, რომ ნიკა გვარამიასთან მიმართებით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. კალაძე გვარამია-ახვლედიანის ჩანაწერზე საუბრობს, სადაც, მისი თქმით, გვარამია საქალაქო სასამართლოს იმჟამინდელ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს ქრთამს სთავაზობს.
"მოვისმინეთ კიდევ ერთი სამარცხვინო აუდიოჩანაწერი, რომელიც გვარამიას მიერ არის გაკეთებული და ამას თავადვე აღიარებს. ნამდვილად შემაშფოთებელია თავად საუბრის შინაარსი. პირდაპირ სთავაზობენ ქრთამს კონკრეტულ პირს, თუ მიიღებს გადადგომის გადაწყვეტილებას და იტყვის, რომ თითქოს შანტაჟის გამო გადადგა. მე ვფიქრობ, რომ აქ სისხლის სამართლის დანაშაულები იკვეთება. შესაბამისი სამსახურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ექვს მილიონს, კონკრეტულ თანხას სთავაზობს კონკრეტულ ადამიანს, თუ გააკეთებდა შესაბამის განცხადებებს. ამიტომ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს კონკრეტულ საუბართან დაკავშირებით, ასევე, უნდა დაინტერესდეს, თუ როგორ განთავსდა ეს საუბარი ინტერნეტსივრცეში", - აღნიშნა კალაძემ.
ამასთან დაკავშირებით, ნიკა გვარამიამ გუშინდელ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ტელეკომპანია მამუკა ახვლედიანს სასამართლოს თავმჯდომარეობის პერიოდში პირად უზრუნველყოფას ჰპირდებოდა როგორც უსაფრთხოების, ასევე მატერიალური კუთხით, თუ ის სისტემურ დანაშაულზე ხმამაღლა იტყოდა.
"ჩანაწერში, რუსთავი 2-ის სახელით, ვაძლევ გარანტიას მამუკა ახვლედიანს, რომ თუ მას რამე აქვს სათქმელი, მის პირად უზრუნველყოფას როგორც უსაფრთხოების, ასევე მატერიალური კუთხით ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე. ის ე.წ. whistle blower-ია - ადამიანი, რომელიც სისტემურ დანაშაულებზე ყვება შიგნიდან და მას სჭირდება დაცვა", - თქვა გვარამიამ.





