რუსთავი 2-ის საქმე

კობახიძე: ჩნდება ეჭვი, რომ გვარამია ახვლედიანს ქრთამს ჰპირდება. უნდა გამოიძიონ

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის მოსაზრებით, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს. მისი თქმით, გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერში იკვეთება ეჭვი, რომ გვარამია ახვლედიანს ქრთამს ჰპირდება.

"გვარამია პირდაპირ ჰპირდება მატერიალურ სარგებელს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, ანუ იმ სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც განიხილავდა რუსთავი 2-ის საქმეს, პირდაპირ იკვეთება ეჭვი ქრთამის გადაცემის თაობაზე, რაც აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული", - თქვა კობახიძემ.

ამასთან დაკავშირებით, ნიკა გვარამიამ გუშინდელ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ტელეკომპანია მამუკა ახვლედიანს სასამართლოს თავმჯდომარეობის პერიოდში პირად უზრუნველყოფას ჰპირდებოდა როგორც უსაფრთხოების, ასევე მატერიალური კუთხით, თუ ის სისტემურ დანაშაულზე ხმამაღლა იტყოდა.

"ჩანაწერში, რუსთავი 2-ის სახელით, ვაძლევ გარანტიას მამუკა ახვლედიანს, რომ თუ მას რამე აქვს სათქმელი, მის პირად უზრუნველყოფას როგორც უსაფრთხოების, ასევე მატერიალური კუთხით ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე. ის ე.წ. whistle blower-ია - ადამიანი, რომელიც სისტემურ დანაშაულებზე ყვება შიგნიდან და მას სჭირდება დაცვა", - თქვა გვარამიამ.

კომენტარები