არჩევნები 2016

NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია 8 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება. NDI-ის ცნობით, არჩევნებს საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია დაესწრება. მათივე ინფორმაციით, მისია პოლიტიკოსების, სამოქალაქო ლიდერების, საარჩევნო ექსპერტებისა და რეგიონის სპეციალისტებისგან შედგება.

"დელეგაციას ხელმძღვანელობენ: აშშ-ის დელავერის შტატის ყოფილი სენატორი და NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ტედ კაუფმანი; პოლონეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი იანუშ ონიშკევიჩი; აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი კონეკტიკუტის შტატიდან და NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სემ გეჯდენსონი; ბელგიის სახელმწიფო მინისტრი და ევროპარლამენტის ყოფილი წევრი ანემი ნეიტს-უტებროკი; NDI-ის ევრაზიის პროგრამების რეგიონალური დირექტორი ლორა ჯუიტი და NDI საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი", - წერია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის განცხადებაში.

NDI-ის ცნობით, დელეგაციის წინასწარი ანგარიში 9 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

"თბილისში ჩატარებული საორიენტაციო შეხვედრების შემდეგ დამკვირვებლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაემგზავრებიან, სადაც ისინი საარჩევნო გარემოს შესაფასებლად ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაციის, პარტიებისა და მედიის წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ დამკვირვებლებს შეხვდებიან. არჩევნების დღეს NDI-ს დამკვირვებლები შესაბამის ოლქებში საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, დახურვისა და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდებიან, რის შემდეგაც დაკვირვებების შესაჯამებლად თბილისში შეიკრიბებიან და არჩევნების დღეზე დაკვირვების წინასწარ ანგარიშს მოამზადებენ", - წერია განცხადებაში.

NDI-ისვე ინფორმაციით, სადამკვირვებლო დელეგაციას "ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" (NED) აფინანსებს.

აღსანიშნავია, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, NDI-ის გარდა, სხვა არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება.

კომენტარები