უკანონო მოსმენები

გვარამია აუდიოჩანაწერზე: საქმე გვაქვს კომპიუტერულ ქსელში შეღწევასთან

rustavi2.com

რუსთავი 2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც ის და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი საუბრობენ, ბრიფინგი გამართა. გვარამიამ სუს-ის მხრიდან მის პერსონალურ კომპიუტერში შეღწევაზე და კიბერდანაშაულზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს ჩანაწერი არ არის სატელეფონო საუბარი. გვარამიას განმარტებით, აუდიოჩანაწერი თავადვე გააკეთა დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც მამუკა ახვლედიანმა თავად გამოხატა კომუნიკაციის სურვილი. გვარამიას თქმით, მან კოლეგებისგან მიიღო რჩევა, რომ საუბარი ჩაეწერა, თუმცა, ვინაიდან ჩანაწერი რუსთავი 2-ისთვის საინტერესო მასალას არ შეიცავდა, იგი გაანადგურეს.

"ფარული ჩანაწერები პირველი არ არის ჩემთვის, მაგრამ ამ ტიპის გამოყენებული მასალა ნამდვილად პირველია. ეს ჩანაწერი მე გავაკეთე. ეს არ არის სატელეფონო ჩანაწერი. ეს ჩანაწერი მე გადავიღე ფარულად. ამ ჩანაწერში ასახული მოვლენები ხდებოდა დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც ჩვენი საქმის პიკი იყო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ კომუნიკაციის სურვილი გამოხატა, სადაც იხილებოდა ჩვენი საქმე. თავისთავად ცხადია, მე ჩემს კოლეგებს ვესაუბრე ამის შესახებ, ღირდა თუ არა შეხვედრა. ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ შეხვედრა ღირდა და მივიღე რჩევა, რომ შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი ვყოფილიყავი ამ შეხვედრაზე, რათა პროვოკაციას არ ჰქონოდა ადგილი შემდგომში ან თუ რამე ძალიან მნიშვნელოვანი ითქმებოდა, გამოგვეყენებინა შემდგომ მტკიცებულებად. ჩემთვის ყველაზე უფრო პრობლემატური არის ის, თუ როგორ მოხვდა ეს ჩანაწერი ქსელში. პრობლემა არის იმდენად, რამდენადაც ეს ჩანაწერი პრაქტიკულად მაშინვე განადგურდა, რამდენადაც ჩვენთვის საინტერესო მასალას არ შეიცავდა, მაგრამ ჩემს კომპიუტერში დაცული იყო რაღაც დროის განმავლობაში. ახლა საერთოდ არ მაქვს ის კომპიუტერი. როგორ ჩანს, საქმე გვაქვს ახალ დანაშაულთან - ესაა კომპიუტერულ ქსელში შეღწევა. ეს არის კიბერდანაშაული. ყველას მოსმენილი გვაქვს ეს ჩანაწერი და გაშიფრულიც, შეიძლებოდა თუ არა ამის გამოყენება. იქ საუბარია იმაზე, რაც მოისმინეთ და კიდევ 3 წუთი გრძელდება, სადაც მე რუსთავი 2-ის სახელით ვაძლევ გარანატიას მამუკა ახვლედიანს, რომ თუ მას რამე აქვს სათქმელი, მის პირად უსაფრთხოებას ჩვენ ავიღებთ საკუთარ თავზე. მან ეს არჩევანი არ გააკეთა მაშინ, თუმცა დღეს საჯარო განცხადებებს აკეთებს", - განაცხადა გვარამიამ და აღნიშნა, რომ პრობლემურია შიდა ამბების გატანა გარეთ.

"ორი ვარიანტია: ან შეღწევა ხდება გარედან, ან სუს-ს შიგნით ჰყავს წარმომადგენელი", - თქვა გვარამიამ.

ცნობისათვის, გუშინ ღამით კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც გვარამია საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს ესაუბრება. მანამდე უკანონოდ აიტვირთა პაატა ბურჭულაძესთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერიც.

კომენტარები