არჩევნები 2016

TI-მ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით კვლევა წარადგინა

დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ საპარლამენტო არჩევნების წინ მთავრობის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ადმინისტრაციული რესურსის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მაგალითებად ორგანიზაცია მიიჩნევს გასული პერიოდის მანძილზე ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გამოქვეყნებას და ამ საქმეებზე ჩატარებულ გამოძიებებს, რომლებსაც არანაირი კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.

ანგარიშში მოხსენიებულია საარჩევნო კომისიების თანამშრომელთა პოლიტიკური ნიშნით შერჩევა, ქართული ოცნების ღონისძიებებზე სამუშაო საათებში საჯარო მოხელეთა მიყვანა, მაღალმთიან დასახლებებში წინასაარჩევნოდ პენსიების ზრდა და ბოლო პერიოდში საჯარო დაწესებულებათა მიერ სააგიტაციო სმს-ების გაგზავნა.

კვლევის პრეზენტაციას დაესწრო ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ იმაზე ნაკლები ადმინისტრაციული რესურსი დახარჯა, ვიდრე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 2012 წელს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ქართული ოცნება ადმინისტრაციულ რესურსებს, მათ შორის, სამართალდამცავ უწყებებს ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს. 

საერთაშორისო გამჭვირვალო საქართველო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ სრულ პრეზენტაციას არჩევნების შემდეგ გამართავს.

კომენტარები