ინტერნეტის თავისუფლება

კრემლს კასპერსკის დახმარებით, რუსეთის ონლაინსივრცის სრული კონტროლი შეეძლება

newsweek.com

კრემლი რუსეთის ყველა მოქალაქის ონლაინსაქმიანობის სრული კონტროლის მიღწევას გეგმავს. შესაბამისი ალგორითმების შექმნაზე ФСБ-ს კიბერუსაფრთხოების დანაყოფები კომპანია Kaspersky-ის თანადამფუძნებელთან, ნატალია კასპერსკაიასთან ერთად მუშაობენ. პროექტის განხორციელებით ინტერნეტცენზორი Roskomnadzor-იც არის დაინტერესებული.

ცვლილებების შემდეგ კრემლს გაუჩნდება სრული და შეუზღუდავი დაშვება ქვეყნის ინტერნეტტრაფიკზე, სოციალურ ქსელებზე, ინტერნეტმიმოწერაზე, დაშიფრულ ინფორმაციასა და სხვა ტიპის ონლაინკავშირებზე.

პროექტის ერთ-ერთი კონტრიბუტორი ნატალია კასპერსკაია რუსულ კომერსანტთან ამბობს, რომ კრემლის მიერ ინტერნეტზე კონტროლის მოპოვება ქვეყნისთვის მხოლოდ კარგი იქნება, რადგანაც ამჟამად რუსეთში არსებობს ინტერნეტის გარკვეული ნაწილი, რომელიც არ კონტროლდება.  

ნატალია კასპერსკაია Kaspersky-ის ანტივირუსთან ერთად ფლობს კომპანია InfoWatch-ს, რომელიც უსაფრთხოების ტექნოლოგიებით რუსეთის სახელმწიფო უწყებებს ამარაგებს. ინტერნეტის კონტროლის პროექტზე სწორედ InfoWatch-ი მუშაობს. რუსული ონლაინსივრცე Deep Packet Inspection მეთოდებით შემოწმდება, რაც ტრაფიკის სრულ და დეტალურ ანალიზს მოიცავს. პროექტის ღირებულება უცნობია, ეს დიდად არის დამოკიდებული გაშიფვრის იმ სისტემაზე, რასაც ФСБ შეიმუშავებს. 

ნატალია კასპერსკაიას KGB-სთან აქვს კავშირი, მისი მეუღლე და Kaspersky-ის თანადამფუძნებელი ევგენი კასპერსკი KGB-ს თანამშრომელი იყო. 

რეგულაციის დაწესება რუსეთში ონლაინთავისუფლებას სრულად გააქრობს. ცვლილება მოქალაქეებს ინტერნეტთავისუფლებას უკარგავს, ინვესტორებს კი ამ სფეროში ინვესტირების სურვილს სავარაუდოდ შეუმცირებს.

კომენტარები