ოკუპირებული აფხაზეთი

ივანიშვილი: შეთავაზება მაქვს აფხაზ ძმებთან - სასტუმროს და ბოტანიკურ ბაღს ავუშენებ

ტაბულა

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასტუმროს და ბოტანიკური ბაღის მშენებლობას სთავაზობს. ამის შესახებ ივანიშვილმა რუსთავში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით, "განმუხურში აშენდება უნიკალური სასტუმრო, ყველაზე მაღალი კლასის. გამყოფ ზოლთან, მიჯრილზე. სასტუმროს უკან აშენდება ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ფონდი ქართუ დააფინანსებს". ივანიშვილის შეთავაზებაა, სასტუმრო და ბოტანიკური ბაღო ოკუპირებულ ტერიტორიაზეც აშენდეს. 

"დამატებით ჩვენი აფხაზი ძმებისთვის შეთავაზება მინდოდა გამეკეთებინა. გამყოფ ხაზს იქეთაც ვთავაზობ საქმიან წინადადებას, რომ ასეთივე კლასის სასტუმროს ავაშენებდი, თუ მათი კეთილი ნება იქნება, ასევე გავაგრძელებდი ბოტანიკურ ბაღს, შესაძლოა, უფრო მასშტაბურს. სასტუმროდან მიღებული ყველა მოგება მოხმარდებოდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას. ამით მინდოდა, ჩემი წვლილი შემეტანა ჩვენი ურთიერთობის აღდგენაში. ამით, გარკვეული საფუძველი ჩაეყრებოდა ნდობის აღდგენას. მინდა, დავიბრუნოთ ის ძმობა, რაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გაგვაჩნდა", - თქვა ივანიშვილმა.

კითხვაზე, იცის თუ არა ამ შეთავაზების შესახებ აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა, ექსპრემიერი პასუხობს, რომ "იყო მცდელობა, ამბავი მიგვეწვდინა". ივანიშვილის თქმით, არ იცის, როგორი იყო მათი რეაქცია.

"მე ვფიქრობ, რომ მე მგონი, ამ საკითხის შეჯერება ვერ მოხდა, როგორც მე ვიცი. მაგრამ წინადადება იმდენად მეგობრული და ჰუმანურია, არ ვფიქრობ, რომ პოზიტიურის გარდა, სხვა რაიმე შეფასებები მოჰყვეს, გნებავთ, ჩვენი აფხაზი ძმებისგან", - ამბობს ყოფილი პრემიერი.

კომენტარები