არჩევნები 2016

წიკლაური: სოფელ გამარჯვებაში ჩვენი საარჩევნო შტაბის თანამშრომლებს თავს დაესხნენ

ტაბულა

სოფელ გამარჯვებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის თანამშომლებს თავს დაესხნენ. ამის შესახებ თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნუგზარ წიკლაურმა ბრიფინგი გამართა. წიკლაური თავდამსხმელების ვინაობასაც ასახელებს.

"რამდენიმე წუთის წინ ქართული ოცნების დანით შეიარაღებული აქტივისტები სოფელ გამარჯვების ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბში შეიჭრნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ შტაბის წევრ ნიკა მჭედლიძეს. საგულისხმოა, რომ თავდამსხმელები ლაშა ხაჭვანი და გიული ჩილაშვილი ქართული ოცნების ის აქტივისტები არიან, რომლებიც ორი დღის წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პლაკატებს ხევდნენ. ამ შემთხვევის პარალელურად, თავდამსხმელთაგან ერთ-ერთის, გიული ჩილაშვილის მამა ქუჩაში დაზარალებულ ნიკა მჭედლიძის დას თავს დაესხა, ის ნაცემია დაფიზიკური დაზიანებები აღენიშნება", - თქვა წიკლაურმა.

ნუგზარ წიკლაური მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და ქართული ოცნების ლიდერებს, შეაჩერონ ძალადობა, "რომლის ძირითადი ინსპირატორი ქართული ოცნებაა. მოვუწოდებ, სასწრაფოდ დააკავონ ლაშა ხაჭვანი, გიული ჩილაშვილი და აგრეთვე გიულის ჩილაშვილის მამა, ვაჟა ჩილაშვილი. თუ ეს ყაჩაღები დარჩებიან დაუსჯელები ამ შემთხვევაში გამოვა, რომ ქართული ოცნება პირდაპირი ინსპირატორი იქნება იმ ძალადობის, რომელიც ჩვენს ქუჩებსა და პოლიტიკურ სივრცეშია. ქართული ოცნების მთავარი ამოცანა და მიზანი საარჩევნო პროცესის ჩაშლაა".

წიკლაური ქართული ოცნების "სამშვიდობო მემორანდუმსაც" იხსენებს. "ქართულმა ოცნებამ მემორანდუმი გამოაქვეყნა და ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდა შეერთებოდნენ მას. ამ მემორანდუმის ძირითადი სულისკვეთება არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებაა და ძალადობისგან თავის არიდება. მემორანდუმის გამოქვეყნებიდან სულ რამდენიმე საათში კი, ქართულმა ოცნებამ შეიარაღებული პირები ოფისში შესაჭრელად გააგზავნა, რათა ჩვენს მომხრეებს თავს დასხმოდნენ", - თქვა წიკლაურმა ბრიფინგზე.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა დეტალების გასარკვევად, ისინი ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ.

კომენტარები