უკანონო მოსმენები

პაატა ბურჭულაძე შსს-ში დაკითხვაზე იმყოფება

პაატა ბურჭულაძე
სახელმწიფო ხალხისათვის

ბლოკ „სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე შსს-ში დაკითხვაზე იმყოფება. უწყებაში შესვლამდე მან კომენტარი გააკეთა.

„ის ყველაფერი, რაც ხდება ჩვენი პარტიის გარშემო, უკვე ყველა ზღვარს გადასცდა. დარწმუნებული ვარ, ვეთანხმები ქართულ ოცნებას, რომ ეს არ არის სუს-ის ამბავი. ეს არის КГБ, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში და უკვე მალე ოფიციალურად დაწესდება და КГБ დაერქმევა მათ. ესაა ზღვარი, რომელიც უკვე გადაკვეთა ჩვენმა ხელისუფლებამ და რომლის ასე გაგრძელებაც არ შეიძლება. ძალიან მაინტერესებს, იმის გარდა, რაც მე ვთქვი ტელევიზიით, რომ ეს არის ჩემი ხმა და ის დამონტაჟებულია, მეტი რა ინფორმაცია უნდა მივაწოდო მათ", - თქვა პაატა ბურჭულაძემ.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი უწყებაში 18:00 საათზე მივა.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში პაატა ბურჭულაძისა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერი 14 სექტემბერს გავრცელდა. საუბარი ეხებოდა ბურჭულაძის ბლოკის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ნათქვამს, რომ ის ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ გამორიცხავს. გვარამია ბურჭულაძესთან ამ საკითხის გადამოწმებას ცდილობდა. საუბრის გავრცელებაში გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს. მისი თქმით, მან სპეციალურად დარეკა "ღია" ხაზით, სუს-ს კი, გასასაჯაროებლად 3 დღეც არ დასჭირდა. სუს-ი კი ბრალდებას უარყოფს. შსს-მ ფაქტზე გამოძიება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების უკანონოდ მოპოვების და გავრცელების ფაქტზე დაიწყო.

კომენტარები