უკანონო მოსმენები

ჩანაწერის საქმეზე ბურჭულაძე და გვარამია შსს-ში დაიბარეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სატელეფონო საუბრის უკანონოდ გავრცელებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს დაიბარეს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ბლოკ "სახელმწიფო ხალხისათვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე. დრო ჯერჯერობით უცნობია.

ბლოკის წევრ დავით ჯანდიერს გამოძიების იმედი არ აქვს,

"ეს არის ნეგატიური კამპანია, რომელიც მიმართულია ჩვენი პარტიის წინააღმდეგ. ამით არის გამოწვეული ჩანაწერების გამოქვეყნებაც და გამოძიებაში დაბარებაც. ბუნებრივია, გამოძიების ეფექტიანობაზე საუბარი ზედმეტია და ამის არავითარი იმედი არ გვაქვს იმ პირობებში, როდესაც შსს უწყებაში უთითებს აბსოლუტურად წარმოუდგენელ თარიღს - 2001 წლის 1 იანვარს", - ამბობს დავით ჯანდიერი.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში პაატა ბურჭულაძისა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერი 14 სექტემბერს გავრცელდა. საუბარი ეხებოდა ბურჭულაძის ბლოკის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ნათქვამს, რომ ის ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ გამორიცხავს. გვარამია ბურჭულაძესთან ამ საკითხის გადამოწმებას ცდილობდა. საუბრის გავრცელებაში გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს. მისი თქმით, მან სპეციალურად დარეკა "ღია" ხაზით, სუს-ს კი, გასასაჯაროებლად 3 დღეც არ დასჭირდა. სუს-ი კი ბრალდებას უარყოფს. შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები