უკანონო მოსმენები

ჩუგოშვილი: კლინტონთან დაკავშირებულ მიმოწერაზე ხალხს შინაარსზე ჰქონდა აქცენტი

თამარ ჩუგოშვილი
IPN

ქართული ოცნების წევრ თამარ ჩუგოშვილს მიაჩნია, რომ ბურჭულაძე-გვარამიას სატელეფონო საუბრის გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, თუმცა, მისი თქმით, შინაარსზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება.

"თავისთავად გავრცელება ძალიან მძიმე ფორმაა, თუმცა, მგონია, რომ შინაარსიც ძალიან საინტერესოა და შინაარსზეც შეიძლება ყურადღების გამახვილება. მახსენდება ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთი ტიპის კომუნიკაციის გასაჯაროება, ჰილარი კლინტონთან დაკავშირებული პირების მიმოწერა, რუსული კვალი იკვეთებოდა. მიუხედავად ამისა, საზოგადოებამ მთელი აქცენტი გააკეთა სწორედ შინაარსზე. ასე რომ, არ მგონია სწორი ასეთი დამოკიდებულება, რომ "არ მაინტერესებს, რაზეა საუბარი",- თქვა ჩუგოშვილმა რუსთავი 2-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში პაატა ბურჭულაძისა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერი გუშინ გავრცელდა. საუბარი ეხებოდა ბურჭულაძის ბლოკის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ნათქვამს, რომ ის ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ გამორიცხავს. გვარამია ბურჭულაძესთან ამ საკითხის გადამოწმებას ცდილობდა. საუბრის გავრცელებაში გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს. მისი თქმით, მან სპეციალურად დარეკა "ღია" ხაზით, სუს-ს კი, გასასაჯაროებლად 3 დღეც არ დასჭირდა. სუს-ი კი ბრალდებას უარყოფს. შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები