უკანონო მოსმენები

გვარამია: ჩუგოშვილმა უღრმესი და ტრაგიკული დეგრადაცია განიცადა

თამარ ჩუგოშვილმა განიცადა უღრმესი და ძალიან ტრაგიკული დეგრადაცია. ქალბატონმა ჩუგოშვილმა, რომელიც მთელი ცხოვრება იყო უფლებადამცველი, აქ, პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მერე რა, რომ ეს უკანონო და ფარული ჩანაწერი იყო, მისი შინაარსი მაინც შეფასებისუნარიანიაო და მოიყვანა ჰილარი კლინტონის მაგალითი. ეს ქალბატონი არის ან უვიცი, ან უსინდისო კონფორმისტი, შესაძლებალია, ორივე ერთად. თუ არ იცის, მე განვუმარტავ - ჰილარი კლინტონის მიმოწერა გასაჯაროვდა, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირის, რანგით მე-2 თანამდებობის პირის აშშ-ში. იგი შეიცავდა დანაშაულის, უკანონო ლობირების და ფინანსური ინტერესების ნიშნებს. თავისთავად ცხადია, რომ ამგვარი მიმოწერა განხილვის საგანი გახდა. ჩემი და ბატონი პაატა ბურჭულაძის საუბარი ამასთან როგორ შეიძლება დაპარალელებული იქნას მე არ ვიცი. არც ერთი არ ვართ არც ერთ სახელმწიფო თანამდებობაზე. ჩვენი საუბარი იყო ჩვენი პირადი და კერძო საუბარი და არ ეხებოდა არავითარ საჯარო ინტერესს და მისი შეფასება, ნებისმიერი თვალსაზრისით, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, არის სრული ამორალობა, დანაშაულის წაქეზება და წახალისება. ზუსტად ეს მაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება დგას ამ ყველაფრის უკან.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მისი და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ზარის გასაჯაროების შესახებ.

კომენტარები