უკანონო მოსმენები

ომბუდსმენი მოსმენებზე: წინა შემთხვევების დაუსჯელობა ახალისებს ახალ ინციდენტს

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი ბურჭულაძე-გვარამიას სატელეფონო საუბრის გავრცელებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ როგორც ეს, ასევე წარსული შემთხვევები და, შესაძლებლობის ფარგლებში, საზოგადოებას დროულად აცნობონ მიღებული ზომებისა და შედეგების შესახებ.

ომბუდსმენისვე შეფასებით, ასეთი შემთხვევები მძიმედ აღიქმება წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჯანსაღი მედიაგარემოსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების განმაპირობებელი ფაქტორების არსებობა.

"სამწუხაროა, რომ წინა შემთხვევების დაუსჯელად დატოვება ახალისებს ყოველ მომდევნო ინციდენტს. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ უკვე 187 დღე გავიდა ერთ-ერთი პოლტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებიდან, თუმცა, მიუხედავად ამისა, კვლავ არ არის გამოვლენილი და დასჯილი ყველა ის პირი, რომელსაც ბრალი მიუძღვის აღნიშნულ დანაშაულში, განსაკუთრებით ვიდეო ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი გამოძიების მიმდინარეობას დააკვირდება.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში პაატა ბურჭულაძისა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერი გუშინ გავრცელდა. საუბარი ეხებოდა ბურჭულაძის ბლოკის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ნათქვამს, რომ ის ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ გამორიცხავს. გვარამია ბურჭულაძესთან ამ საკითხის გადამოწმებას ცდილობდა. საუბრის გავრცელებაში გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს. მისი თქმით, მან სპეციალურად დარეკა "ღია" ხაზით, სუს-ს კი, გასასაჯაროებლად 3 დღეც არ დასჭირდა. სუს-ი კი ბრალდებას უარყოფს. შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები