არჩევნები 2016

გვარამია: ეს არჩევნები იქნება რეფერენდუმი დემოკრატიის და მედიის გადასარჩენად

2016 წლის 8 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ არჩევნები. ეს იქნება რეფერენდუმი. რეფერენდუმი, რომელშიც ჩვენ ხმა უნდა მივცეთ ქვეყანაში დემოკრატიის გადარჩენას, თავისუფალი მედიის და რუსთავი 2-ის გადარჩენას, უნდა ვუთხრათ „არა" მოსმენებს, თვალთვალს, ვიდეოგადაღებას და ამის გამოქვეყნებას. ძალიან დიდი მოკრძალებით ჩემი პერსონალური ნაწილიც უნდა ვთქვა - მე ვარ ადამიანი, ვისაც წლის განმავლობაში უთვალთვალებენ, იღებენ, აშანტაჟებენ, უსმენენ, აქვეყნებენ, ოჯახის უსაფრთხოებით ემუქრებიან და, დიახ, ეს იქნება რეფერენდუმი, მათ შორის, ნიკა გვარამიას გადასარჩენადაც და ასეთი ნიკა გვარამიები ამ ქვეყანაში არის ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი. მათ შორის ადამიანების გადასარჩენად, რომლებიც პოლიციის ავადმყოფური დავალებების გამო იღუპებიან. გავიხსენებ სამტრედიის ფაქტს. დიახ, 2016 წლის 8 ოქტომბერი იქნება რეფერენდუმი, სადაც ჩვენ უნდა ვუთხრათ „არა" ამ ყველაფრის შემოქმედს - ქართულ ოცნებას. წადით ამ რეფერენდუმზე და შემოხაზეთ ნებისმიერი #41-ის გარდა. ეს ძალა საქართველოს ღუპავს, მიაქანებს უფსკრულში და ამას აკეთებს განსაკუთრებული სისასტიკით, ცინიზმით და თავხედობით. ეს არის ბიძინა ივანიშვილის, მანიაკალური ბოდვებით შეპყრობილი ადამიანის პროექტი, რომლის მთავარი სიამოვნება ამ ცხოვრებაში, სხვა ადამიანების თვალთვალი, მოსმენა და ამაზე, უკაცრავად და, კაიფია. არ შეიძლება, ასეთი ავადმყოფურად შეპყრობილი ადამიანი მართავდეს ქვეყანას.

რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მისი და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის გამოქვეყნების შესახებ.

კომენტარები