თიბისი ბანკი

TBC ჯგუფი სადაზღვევო ბაზარზე შესვლას გეგმავს

TBC ბანკის სათაო ოფისი
ir.tbcbank.ge
TBC ჯგუფი სადაზღვევო ბაზარზე 2016 წლის ბოლომდე შევა. TBC ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ბიზნესკონტრაქტთან განაცხადა, რომ სადაზღვევო მიმართულების პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.
 
"ჩვენ ვმუშაობთ და უახლოეს ხანში გამოვაცხადებთ ამ სიახლეს. პრინციპული და სტრატეგიული გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ შევიდეთ სადაზღვევო ბიზნესში. რა ფორმით და რანაირად, ამას ცალკე პრესკონფერენციას მივუძღვნით", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
 
TBC ჯგუფის კუთვნილი TBC ბანკი საქართველოს უმსხვილესი ბანკი ხდება. TBC-იმ ფრანგული სოსიეტე ჟენერალისგან უკვე გამოისყიდა ბანკ რესპუბლიკას 93.6%-იანი წილი. ამით თიბისი ბანკის ბაზრის წილი მთლიან სესხებში იზრდება 7.3%-ით და აღწევს 35.7 %-ს. ხოლო დეპოზიტებში იზრდება 5.3 %-ით და შეადგენს 34.5 %-ს.
 
TBC ჯგუფი ანაკლიის პორტის მშენებლობით ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. პორტის პირველი ეტაპის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.
 
TBC ჯგუფის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. აგვისტოში თიბისიმ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში გადაინაცვლა. თიბისი ბანკის მიერ რესპუბლიკა ბანკის შესყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, თიბისის აქციების ღირებულება უცვლელია და $12-ს შეადგენს. 

კომენტარები