თიბისი ბანკი

სებ-ი: TBC ჯანსაღი ორგანიზაციაა, მიმდინარე გამოძიება მის ფუნქციონირებაზე გავლენას არ მოახდენს

საქართველოს ეროვნული ბანკი თიბისი ბანკში მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება. სებ-ის განცხადებით, TBC ჯანსაღი საკრედიტო ორგანიზაციაა და საგამოძიებო პროცესი მის ეფექტიან ფუნქციონირებაზე გავლენას არ მოახდენს.

"თიბისი ბანკი" ჯანსაღი საკრედიტო ორგანიზაციაა, გააჩნია ლიკვიდური სახსრების და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე. ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს საბანკო სექტორის მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე, რასაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზედამხედველო პოლიტიკის არსებობა", - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პროკურატურამ თიბისი ბანკში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში "გარკვეული სახის დოკუმენტები" ამოიღო, დღეს გავრცელდა. თუმცა საგამოძიებო უწყებაში ჯერჯერობით არ პასუხობენ კითხვებს, გამოძიება რა საქმეზე მიმდინარეობს და რა ინფორმაცია გამოითხოვეს ბანკიდან.

"გიდასტურებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, თიბისი ბანკის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დეტალებს გამოძიების შესახებ უახლოეს მომავალში გავავრცელებთ", - უთხრეს ტაბულას პროკურატურაში.

კომენტარები