არჩევნები 2016

პრეზიდენტი სამართალდამცველებს: თქვენი მოვალეობა მშვიდი არჩევნების უზრუნველყოფაა

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამართალდამცავებს ახსენებს, რომ მიუხედავად პარტიული სიმპათიისა, მათი უპირველესი მოვალეობა მშვიდი არჩევნების უზრუნველყოფაა. პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე გიორგი მღებრიშვილის განცხადებას დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მოვალება საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაცაა.

"პრეზიდენტს ასევე სურს, სამართალდამცველ უწყებებს შეახსენოს, რომ მიუხედავად მათი პარტიული სიმპათიისა, მათი უპირველესი მოვალეობაა ყველა ამომრჩევლისთვის და ყველა საარჩევნო სუბიექტებისთვის მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება, ვინაიდან არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პროცესი, როდესაც ყველამ ერთად უნდა დავადასტუროთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ცივილური, ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება. ხელისუფლების უფლება-მოვალეობა გარდა იმისა, რომ საზოგადოების დაცვაა, ასევე არის მათი ინფორმირებაც და რაც უფრო ინფორმირებულია საზოგადოება, მით უფრო დაცულია ის", - თქვა ეკა მიშველაძემ.

ცნობისთვის, დღეს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თქვა, რომ პარტიები არჩევნების პერიოდში პროვოკაციებს გეგმავენ. მღებრიშვილმა დეტალების გამჟღავნებისგან "თავი შეიკავა".

"არის ინფორმაციები, რომ რიგი პარტიები აპირებენ არჩევნების პერიოდში და არჩევნების შემდგომაც გარკვეულ პროვოკაციებს, მე თავს შევიკავებ დეტალების გამჟღავნებისგან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამ მიმართულებით აბსოლუტურად მობილიზებულები ვართ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ძალა და რესურსი გააჩნია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს", - ამბობს შს მინისტრი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღეა, ქართული ოცნების წევრები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობენ. პარტიის ახალმა სახემ თამარ ჩუგოშვილმა თქვა, რომ ენმ არჩევნებს აგებს და ამიტომ არეულობას გეგმავს. ამის შემდეგ, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მათი განცხადებები პრევენცია იყო.

კომენტარები