თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი 2017 წლიდან ამოქმედდება

REUTERS

საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობა წარმატებით დაასრულეს. 2017 წლიდან ქართული პროდუქციის 95% 1.3-მილიარდიანი მოსახლეობის მქონე ჩინეთში ყოველგვარი დამატებითი სავაჭრო გადასახადის გარეშე შევა. ამ ჩამონათვალშია ქართული ღვინო, მინერალური წყლები და აგროპროდუქტები, რომლებზეც ნულპროცენტიანი მოსაკრებელი გავრცელდება. 

ორ ქვეყანას შორის შეთანხმება მოკლე ვადაში - 7 თვეში შედგა. ჩინეთს საქართველოსთვის ტარიფების განულებისთვის არ დაუწესებია გარდამავალი პერიოდი, რაც ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში 5-10 წლამდე გრძელდება.

პირველი ვიცეპრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, შეთანხმება საქართველოსთვის ისტორიულია. 

"ეს არის ისტორიული შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო გახლავთ პირველი ქვეყანა, რომელმა შეძლო და მოლაპარაკებები რეკორდულ დროში - 7 თვეში დაასრულა. ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა არცერთ ქვეყანასთან, ვისთანაც ჩინეთს გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

პირველმა ვიცეპრემიერმა ასევე ისაუბრა შემდგომ პროცედურებზე. კერძოდ, მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს ეწვევა ჩინეთის კომერციის მინისტრი, რომლის ვიზიტის დროსაც ხელი მოეწერება მემორანდუმს მოლაპარაკების ოფიციალურად დასრულების შესახებ.

საქართველოს უკვე აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროკავშირის 508-მილიონიან ბაზარზე, ჩინეთთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ კი, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი უკვე 1.85-მილიარდიან ბაზარზე ექნება. 

კომენტარები