თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან

ჩინეთის ვაჭრობის მინისტრი: მზად ვართ უფრო მეტი ქართული პროდუქცია ვიყიდოთ

CCTV

"ჩვენ მზად ვართ უფრო მეტი ქართული პროდუქცია ვიყიდოთ. ჩინეთის ბაზარი ღიაა ქართული პროდუქციისთვის", - განაცხადა ჩინეთის კომერციის მინისტრმა ჭონ შანმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, ჩინეთი დაეხმარება ქართველ მწარმოებლებს, რათა მათ უკეთ შეძლონ, საკუთარი პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე გაყიდვა. "ჩვენ სრულ მხარდაჭერას აღმოგიჩენთ, რათა ჩინურ ბაზარზე მეტი ქართული პროდუქცია გაიყიდოს" - აღნიშნა ჩინეთის კომერციის მინისტრმა

2018 წლის იანვრიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში შევიდა. ხელშეკრულების თანახმად, ჩინეთში იმპორტისას, ქართული პროდუქციის 94% გათავისუფლდება ნებისმიერი საბაჟო გადასახადისგან.

საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული, ასევე, სამრეწველო პროდუქციებიდან სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხის მანქანები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ.

ჩინეთს გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მსოფლიოს 24-ზე მეტ სახელმწიფოსა და რეგიონთან. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული. 

დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, მან მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, ასევე შეხვედრები გამართა ჩინეთის მთავრობის წევრებთან.

"უპრეცედენტო დახმარების შემოთავაზება მივიღეთ კომერციის მინისტრისგან ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით. მინისტრმა შემოგვთავაზა არაერთი ღონისძიების წარმართვა ჩინეთის ტერიტორიაზე, რათა უფრო მეტი ქართული პროდუქცია გაიყიდოს ჩინეთში და შესაბამისად, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდოს", - ამბობს ქუმსიშვილი.

კომენტარები