ყურბან-ბაირამი

პრეზიდენტმა და ომბუდსმენმა მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან–ბაირამი მიულოცეს

საქართველოს პრეზიდენტმა და სახალხო დამცველმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამი მიულოცეს.

"გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს - მშვიდობის, თანადგომის, იმედისა და სიკეთის მიერ ბოროტების ძლევის დღესასწაულს. ვიზიარებ საზეიმო განწყობას, რომელიც დღეს თქვენს ოჯახებში სუფევს და კეთილდღეობას, სულიერ სიმშვიდესა და ბედნიერებას გისურვებთ", - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

მუსლიმ მოქალაქეებს დღესასწაულს ულოცავს სახალხო დამცველიც და მათ მშვიდობასა და ბედნიერებას უსურვებს.

"ყურბან-ბაირამის არსი ადამიანის მსხვერპლად შეწირვის აკრძალვასთან არის დაკავშირებული. ტრადიციულად ამ დღეებში, მუსლიმი ოჯახები საკლავს კლავენ და მას ახლობლებსა და მეზობლებს, რელიგიური კუთვნილების განურჩველად, უნაწილებენ. შესაბამისად, ყურბან-ბაირამი ქველმოქმედების იდეისა და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის ზეიმიცაა" ,- აღნიშნავს ომბუდსმენი.

ყურბან-ბაირამობა მარხვის თვიდან, რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ყურბან-ბაირამს, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, მუსლიმისთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, რაც ქრისტიანისთვის აღდგომას. მსხვერპლშეწირვის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია დასაბამს ცნობილ ბიბლიურ სიუჟეტში იღებს, რომელიც აბრაამის მიერ, მისი შვილის, ისააკის მსხვერპლად შეწირვის მცდელობაზე მოგვითხრობს. თუმცა პირველპატრიარქ აბრაამის ნაცვლად, ყურანი წინასწარმეტყველ იბრაჰიმს იხსენიებს. მას სამსხვერპლოზე უფროსი შვილი, ისმაილი მიჰყავს და არა ისააკი – რომელიც ყურანის მიხედვით, იბრაჰიმის მეორე შვილია. მუსლიმთა წმინდა წიგნი გვიამბობს, რომ იბრაჰიმს ძილში ანგელოზი ჯაბრაილი მოევლინა და ალაჰის სურვილი გადასცა. მას უზენაესისთვის საკუთარი პირმშო უნდა შეეწირა. იბრაჰიმი დამორჩილდა ღვთის ნებას, გაემართა იმ ადგილისკენ, სადაც დღეს მექა დგას და რიტუალის აღსასრულებლად სამზადისს შეუდგა. როდესაც ალაჰმა დაინახა, რომ იბრაჰიმი მზად იყო მსხვერპლად გაეღო ერთადერთი შვილი – კრავი მოავლინა და ისმაილის ნაცვლად სწორედ მისი შეწირვა მოსთხოვა წინასწარმეტყველს – ნიშნად იმისა, რომ იბრაჰიმმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. 

მსხვერპლშეწირვის დღესასწაულზე მუსლიმი მამაკაცები მზის ამოსვლისთანავე კითხულობენ თაქბირს, ალაჰის განდიდების ლოცვას, რომელიც გრძელდება მეორე და მესამე დღესაც, ყოველდღიური ხუთჯერადი ლოცვის შემდეგ. ვინაიდან სრულიად მუსლიმთა კრებულისთვის, ლოცვა უმნიშვნელოვანეს გამაერთიანებელ ფაქტორს წარმოადგენს, სასურველია მან კრებულთან ერთად განადიდოს ღმერთი. სწორედ ამიტომ, თაქბირს კითხულობენ არა მხოლოდ სახლსა და მეჩეთში, არამედ ქუჩებსა და მოედნებზე. ალაჰს კაცები ხმამაღლა განადიდებენ, ხოლო ქალები – ჩუმად. ამ დღეს მუსლიმი ადრე უნდა ადგეს, განიბანოს, ჩაიცვას საუკეთესო ტანსაცმელი და მეჩეთში დილის ღვთისმსახურებაზე წავიდეს.

მუსლიმებს სწამთ, რომ ალაჰისადმი უზენაესი სიყვარულის გამოხატვის ნიშნად ამ დღეს ყოველმა მორწმუნემ უნდა შესწიროს შინაური ცხოველი. თუ ცხონება გსურს, აუცილებელია სიცოცხლეში ერთხელ მაინც მოილოცო მექა და სწორედ აქ, ალაჰისადმი მორჩილების გამოხატვისა და მისი კაცთმოყვარეობის მოხსენების ნიშნად შესწირო ყურბანი. თუმცა, რადგან ყველა მუსლიმს არ შეუძლია ამ წესის აღსრულება, დაშვებულია მსხვერპლშეწირვა იქ, სადაც ეს მოუხერხდებათ. ღრმადმორწმუნე მუსლიმები დღესასწაულის დადგომამდე ათი დღით ადრე საკუთარი სურვილით მარხულობენ, დაწყებამდე სამი კვირა მხიარულებისგან თავს იკავაბენ, ხოლო ერთი კვირით ადრე დღესასწაულის სამზადისს შეუდგებიან. მსხვერპლი უნდა შეიწიროს ლოცვის შემდეგ და არავითარ შემთხვევაში ლოცვამდე – რაც, მათი რწმენით, ცხადყოფს, რომ უპირველესად ალაჰს არა საკლავი, არამედ მუსლიმთა გულები სჭირდება.

დღესასწაულის სახელწოდებიდან გამომდინარე, ყურბან-ბაირამობის განსაკუთრებული რიტუალები სწორედ საკლავთან არის დაკავშირებული. 

შეწირულ ცხოველს არ უნდა ჰქონდეს „დეფექტი”, ანუ საჭიროა ჩლიქოსანი ცხოველი სრულიად ჯანმრთელი იყოს. ამასთან, დაწესებულია ასაკობრივი ზღვარიც. მაგალითად, ცხვარი ასაკით 6 თვეზე ნაკლების არ უნდა დაიკლას, თხისა და მსხვილრქიანი ცხოველების შემთხვევაში კი მინიმალური ასაკი ორი წელია. აღსანიშნავია, რომ ერთი ცხოველი შეიძლება შეიწიროს მთელი ოჯახის სახელით. მაგალითად, ადამიანი მიიყვანს ცხოველს სამსხვერპლოსთან და როგორც წინასწარმეტყველი მუჰამედი (მშვიდობა მას და ღვთის კურთხევა – მუჰამედის ყოველი ხსენებისას მუსლიმები ამ ფორმულის დამატებას გვთხოვენ) წარმოთქვამდა, გაიმეოროს: „ეს მსხვერპლი არის ჩემთვის, ჩემი ოჯახისა და მათთვის ჩემი კრებულიდან, ვინც არ შესწირა მსხვერპლი”. მუსლიმური ტრადიცია ამბობს, რომ შესაწირის სისხლის მიწაზე დაცემასთან ერთად, მორწმუნეს ცოდვები მიეტევება. ერთი ტრადიცია კი გვარწმუნებს, რომ განკითხვის დღეს, როდესაც ალაჰი კაცობრიობას ცოდვა-მადლს მოჰკითხავს, მართლები სწორედ მათ მიერ შეწირული ცხოველების საშუალებით მიაღწევენ სამოთხემდე. ამიტომ საკლავს სპეციალურ ნიშანს ასვამენ, რომ ჯოჯოხეთზე გადებული ხიდის გადასალახად, განკითხვის დღეს ადვილად იპოვონ მოწყალებისთვის გაღებული შესაწირი – რომელიც ახლა მათ ტრანსპორტად იქცევა.

დღესასწაულზე დაკლული ცხოველის ხორცი სამად ნაწილდება, ერთი გაჭირვებულებს უნაწილდებათ, ერთიც მეზობლებს, განურჩევლად რწმენისა და აღმსარებლობისა, ხოლო ერთს ოჯახში იტოვებენ.

აღნიშნულ დღესასწაულს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს თანამედროვე ისლამური თეოლოგიისთვის, რომელიც მიზნად ისახავს, აღარ მისცეს საშუალება ტერორისტებს, რელიგია ძალადობის წყაროდ აქციონ. კაცობრიობის უმთავრესი მტრის, ტერორიზმის გასანადგურებლად, მუსლიმები ხშირად იხსენებენ იიდ-ალ ადჰას დღესასწაულის ნამდვილ მნიშვნელობას – სადაც ღმერთი უარს ამბობს მისი მორჩილების ნიშნად ადამიანის მსხვერპლად შეწირვაზე. 

კომენტარები