არჩევნების ისტორია

1919 წლის არჩევნები

პირველი მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები საქართველოში 1919 წლის თებერვალში ჩატარდა. მოსახლეობამ აირჩია საქართველოს დამფუძნებელი კრება.

არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, პარტიული სიების მიხედვით ჩატარდა. მასში 15 პარტია მონაწილეობდა.

დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა 1919 წლის 12 მარტს ჩატარდა. კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო საქართველოს კონსტიტუცია, რომელმაც მხოლოდ ოთხი დღე იმუშავა, რადგან 25 თებერვალს რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა.

1991 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

1991 წლის 14 აპრილს საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტი შემოიღეს. ამ დროისთვის, უზენაეს საბჭოს უკვე გამოცხადებული ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობა. არჩევნები კონკურენტული არ ყოფილა, კამპანიის უპირობო ლიდერი უზენაესი საბჭოს თავჯდომარე ზვიად გამსახურდია იყო. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლებოდა, თუ მასში მონაწილეობას მიიღებდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობა. არჩეული კი ის კანდიდატი იქნებოდა, რომელიც  არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტის მხარდაჭერას მიიღებდა. არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია კომუნისტური პარტიის წარმომადგენელს.

1992 წლის საპარლამენტო არჩევნები

1991-1992 წლების საელმწიფო გადატრიალების შემდეგ ძალაუფლება ხელში აიღო დროებით შექმნილმა სამხედრო საბჭომ. მას შემდეგ სამხედრო საბჭომ ძალაუფლება გადააბარა სახელმწიფო საბჭოს, მისი არსებობისთვის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, საჭირო იყო ხელისუფლების ლეგიტიმაცია. ამისთვის 1992 წლის შემოდგომაზე დაინიშნა საპარლამენტო არჩევნები. არჩევნებში იმ დროისთვის მოქმედი ყველა პოლიტიკური ძალა იღებდა მონაწილეობას, დევნილი პრეზიდენტის მომხრეების გარდა.

ეს არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა. მისი ჩატარების წესი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა სხვა არჩევნებისაგან. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩიეს 75 დეპუტატი, პროპორციული სისტემით კი 150 დეპუტატი. საარჩევნო ბარიერი 2% იყო.

1995 წლის  საპარლამენტო არჩევნები

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც, იმავე წლის შემოდგომაზე, 5 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნები.

მასში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა იმ პარტიასა და პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც წარმოადგენდა 50 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერას, ან რომელსაც ჰყავდა წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციის მიღების დღისთვის.

არჩევნები ტარდებოდა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით. პარლამენტის 235 მანდატიდან 150 მანდატი მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდებოდა პარტიებზე, 85 დეპუტატი კი აირჩეოდა საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებიდან. აფხაზეთში სეპარატისტული რეჟიმის გამო არ დანიშნულა არჩევნები, ამიტომ აფხაზეთის დეპუტაციას უფლებამოსილება გაუგრძელდა. აფხაზეთის წარმომადგენლობა შედგებოდა 12 დეპუტატისაგან.

1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ეს არჩევნები იყო პირველი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში კონსტიტუციის მიღების შემდგომ. პრეზიდენტის არჩევნები ტარდებოდა საპარლამენტო არჩევნებთან ერთად. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლებოდა, თუ მასში მონაწილეობას მიი­ღებდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობა. არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებდა არჩევნებში მონაწი­ლეთა 50%-ზე მეტის მხარდაჭერას.

1999 წლის საპარლამენტო არჩევნები

მმართველი პარტიის, საქართველოს მოქალაქეთა კავშირის საარჩევნო სლოგანი იყო "სტაბილურობიდან კეთილდღეობამდე". მისი მთავარი კონკურენტი ამ არჩევნებზე ასლან აბაშიძის ბლოკი "აღორძინება" იყო. არჩევნებში მონაწილეობა 45–მა პარტიამ მიიღო.

2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ეს იყო რიგით მეორე საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში კონსტიტუციის მიღების შემდგომ. გაიმარჯვა კვლავ მოქმედმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ, რომლის მთავარი კონკურენტიც წინა საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასული კანდიდატი ჯუმბერ პატიაშვილი იყო. მათ გარდა, არჩევნებში 4 კანდიდატი მონაწილეობდა.

2004 წლის საპარლამენტო არჩევნები

არჩევნები ვარდების რევოლუციას მოჰყვა. 2003 წლის არჩევნების შემდეგ გაყალბებულმა შედეგებმა მოსახლეობის ხანგრძლივი პროტესტი გამოიწვია, რომლის შედეგადაც  გადადგა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. თავის მხრივ უზენაესმა სასამართლომ გააუქმა არჩევნების შედეგები - უფრო კონკრეტულად, მისი პროპორციული ნაწილი, მაჟორიტარული არჩევნების შედეგები კი ძალაში დატოვა.

ხელახალი არჩევნების ორგანიზებამდე, 1999 წლის მოწვევის მანდატი მოქმედებდა.

არჩევნები დაინიშნა 2004 წლის 28 მარტს. გამომდინარე სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, იგი მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდა.

2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ეს იყო პირველი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში. არჩევნები2004 წლის 4 იანვარს ჩატარდა. მიხეილ სააკაშვილს 5 კონკურენტი ყავდა, თუმცა შედეგები იოლი საწინასწარმეტყველები იყო - არჩევნები ვარდების რევოლუციის ლიდერის გამარჯვებით დამთავრდა - სააკაშვილმა ხმათა თითქმის 97% მიიღო.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

2007 წლის 7 ნოემბრის აქციების შემდეგ, მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგა - მანდატის განახლების მიზნით. სააკაშვილმა თანამდებობა ნოემბრის ბოლოს დატოვა, მორიგი რიგგარეშე არჩევნები კი 5 იანვარს ჩატარდა. სააკაშვილის მთავარი და წონიანი კონკურენტი ლევან გაჩეჩილაძე იყო, რომელმაც დაახლოებით ნახევარი მილიონი ხმა მიიღო, არჩევნებში მონაწილეობდა არკადი (ბადრი) პატარკაციშვილიც, რომლის მხარდაჭერაც დაახლოებით 140 ათას ხმაში გამოიხატა.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნები

არჩევნებში ერთმანეთის ძირითადი კონკურენტები იყვნენ მმართველი პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ცხრა ოპოზიციური პარტიით წარმოდგენილი გაერთიანებული ოპოზიცია.

არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდნენ რესპუბლიკური პარტია და საქართველოს ლეიბორისტული პარტია. გამოჩნდა ახალი პარტიაც - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, რომელიც იმ დროის პოლიტიკური პროცესების აქტიურმა მონაწილე ჟურნალისტებმა დააარსეს ტელეკომპანია იმედიდან.

ამ არჩევნებზე, შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით, უკვე 150 დეპუტატი აირჩეოდა. პროპორციულ სისტემაზე საარჩევნო ბარიერმა 7%–დან დაიწია 5%–მდე, ამასთან მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭირო გახდა კენჭისყრის დღეს კანდიდატს მიეღო ამომრჩეველთა სულ მცირე 30%-იანი მხარდაჭერა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშე, საზოგადოებისთვის იქამდე პრაქტიკულად უცნობი ფიგურა, ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა. მილიარდერმა ირგვლივ ოპოზიციური პარტიების დიდი უმრავლესობა შემოიკრიბა. წინასაარჩევნო კამპანიამ და არჩევნებმა დაძაბულ პოლიტიკურ ფონზე ჩაიარა და არჩევნების დღემდე რთული იყო მისი შედეგების წინასწარმეტყველება.

პროცესებს მნიშვნელობას კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები მატებდა, რომელმაც პარლამენტის მნიშვნელობა არსებითად გაზარდა მთავრობის დაკომპლექტების თვალსაზრისით. არჩევნებში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა, მეორე ადგილზე კი მმართველი პარტია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გავიდა.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელობით უჩვეულო იყო. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, მნიშვნელოვნად შეიკვეცა პრეზიდენტის უფლებამოსილებები. ამან განაპირობა თვისებრივად განსხვავებული საარჩევნო კამპანიაც და წინა საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით დაბალი აქტივობაც.

2016 საპარლამენტო არჩევნები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამომრჩეველთა აქტიურობა დაბალი იყო. ძირითადი შეჯიბრი მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის მიმდინარეობდა. არჩევნებმა, ისევე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდმა ქვეყანაში დაძაბულად ჩაიარა.

წინასაარჩევნო პერიოდი მოიცავდა პირადი ცხოვრების ამსახველი და ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების რამდენიმე სერიას. ქართულ ოცნებას გამოეყო ორი პარტია – რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები. 

არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ქალაქის ცენტრში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ გივი თარგამაძეზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსი და მისი მძღოლი უვნებლად გადარჩნენ, დაშავდნენ გამვლელები. მათგან ერთი ადამიანი რამდენიმე კვირის განმავლობაში კომაში იყო.

ქართულმა ოცნებამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ველზე რამდენიმე ახალი პარტია გამოჩნდა, ქართული ოცნებისა და ენმ-ს გარდა ერთადერთი პარტია, რომელმაც 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლო, პრორუსული პატრიოტთა ალიანსი აღმოჩნდა. ვერც რესპუბლიკური პარტია და ვერც თავისუფალი დემოკრატები მე-9 მოწვევის პარლამენტში ვერ მოხვდნენ. ფარული ჩანაწერები, რომელიც გაზაფხულზე გამოქვეყნდა, თავისუფალი დემოკრატების ლიდერებს ეხებოდათ. 

არჩევნებიდან 3 თვეში მთავარი ოპოზიციური პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ორად გაიყო. 27 დეპუტატიდან 21-მა ახალი პარტია ევროპული საქართველო შექმნა. 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველმა გუნდმა, ქართულმა ოცნებამ ფორმალურად არაპარტიული კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი წარადგინა. არჩევნებში 25 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. კანდიდატების პირველი სამეული შემდეგნაირად გამოიყურებოდა - სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) და დავით ბაქრაძე (ევროპული საქართველო).

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციურმა კანდიდატებმა ჯამში 953 744 ხმა მიიღეს, მათგან ყველაზე მეტი - 601 224 - გრიგოლ ვაშაძემ, რითიც ის სულ რაღაც 0.9%-ით ჩამოუვარდა მმართველი გუნდის ფავორიტ კანდიდატს.

პირველი ტურის შემდეგ ქვეყნის უმეტეს ადგილას პრეზიდენტობის კანდიდატის ბანერები ჩამოხსნეს და მათ ნაცვლად ქართული ოცნების ლიდერების ბანერები დაკიდეს. ამავდროულად, გამოჩნდა ოპოზიციის მადისკრედიტირებელი ბანერებიც, სადაც ოპოზიციური ლიდერები სისხლის ფონზე იყვნენ გამოსახულები. სამთავრობო მედია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების "შავ სიაში" მყოფ 600 000 ადამიანს ვალების განულებით დაპირდა. აქტივები ბიძინა ივანიშვილის ქართუ ბანკმა შეიძინა. არაერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ ეს არჩევნების მოსყიდვად შეფასდა. 

მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტიურობამ 10%-ით გადაასწრო პირველი ტურის აქტიურობას. მიუხედავად იმისა, რომ ევროპულმა საქართველომ მეორე ტურში მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას, მისი გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 

ამომრჩეველთა დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ნეგატიური კამპანია, ხისტი რიტორიკა, ძალადობრივი ინციდენტები - ასეთი იყო ეუთო-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დასკვნა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამორჩეული იყო მასიური დარღვევებითა და დაშინების ფაქტებით. 2016 წელთან დაკავშირებით ამომრჩეველს პოლიტიკური პარტიების თვალსაზრისით მეტ-ნაკლებად პლურალისტური არჩევანი ჰქონდა, თუმცა, ხმების ძირითადი რაოდენობა ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის გადანაწილდა. 

მათ გარდა პარლამენტში შევიდნენ ევროპული საქართველო, ლელო, პატრიოტთა ალიანსი, გირჩი, მოქალაქეები და ლეიბორისტული პარტია. ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგები არ აღიარეს, თუმცა, მოგვიანებით რამდენიმე მათგანმა, გირჩმა და მოქალაქეებმა პოზიცია შეიცვალა და პარლამენტში შევიდა. პარლამენტში შევიდნენ პატრიოტთა ალიანსის სიის წევრებიც, რომლებმაც ევროპელი სოციალისტები დაირქვეს. 

რაც შეეხება სხვა პარტიებს, ისინი დღემდე იზიარებენ, რომ 2020 წლის არჩევნები არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას, თუმცა, მათი უმრავლესობა 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმების შემდეგ პარლამენტში შევიდა. გამონაკლისები აღმოჩნდნენ ევროპული საქართველო და ლეიბორისტული პარტია, რომლებსაც არც შეთანხმებისთვის მოუწერიათ ხელი. 

19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წარმოადგენს ერთგვარ რეფერენდუმს ვადამდელი არჩევნებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ მმართელი პარტია 43%-ს ვერ დააგროვებს, ის ვალდებულია დანიშნოს საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნები. ამ შეთანხმებისთვის ხელმოწერის მიუხედავად, 28 ივლისს მმართელმა გუნდმა ის ანულირებულად გამოაცხადა და თქვა, რომ 1%-ის აღების შემთხვევაშიც კი არ დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს.