არჩევნები 2016

სალაძე: მიუღებელია კერძო მაუწყებლებთან ერთად ეგზიტპოლის ჩატარება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის სულხან სალაძის თქმით, მისთვის მიუღებელია ეგზიტპოლის ჩატარება რომელიმე კერძო ტელეკომპანიასთან ერთად. სალაძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ეს საზოგადოებრივი მაუწყებელს "დადებით იმიჯს არ შესძენს".

"ჩემთვის, როგორც სამეურნეო საბჭოს წევრისთვის მიუღებელია ეგზიტპოლის ჩატარება რომელიმე კერძო მაუწყებელთან ერთად. ამ შემთხვევაში საუბარი იყო GDS-ზე, მაესტროსა და იმედზე, თუმცა ეს, ბუნებრივია, არ ნიშნავს, რომ მხარს დავუჭერ სხვა კერძო მაუწყებლებთან ჩატარებას. იგივე შემიძლია ვთქვა, რუსთავი 2-თან, ტაბულასთან, ობიექტივთან, კავკასიასთან ერთად ეგზიტპოლის ჩატარებაზე. მეორე საკითხი, ჩემთვის, ეს იყო ის, რომ რეალურად, ვფიქრობ, რომ ამ ფორმით და ამ ფორმატით ეგზიტპოლში მონაწილეობა საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას და იმიჯს არ შესძენს დადებით ელემენტებს. პირიქით, ეს უფრო სერიოზული გამოწვევაა ამ ნაწილში, ვიდრე ის, რომ დადებით განწყობებს მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების მხრიდან", - ამბობს სალაძე.

სულხან სალაძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ შესთავაზეს კერძო, მოგებაზე ორიენტირებულმა კომპანიებმა საზოგადოებრივ მაუწყებელს 200 ათას ლარად თანამონაწილეობა.

"გარდა ამისა, ჩემთვის ბოლო მომენტამდე გაუგებარი დარჩა, რატომ იხდიან კერძო კომპანიები უფრო მეტ თანხას ეგზიტპოლის ჩატარებაში, საუბარია დაახლოებით 900 ათას ევროზე და რატომ იხდის 200 ათას ლარს საზოგადოებრივი მაუწყებელი. თუ გავყოფთ ამ თანხას, 30-30% პროცენტის გადახდა უწევს GDS-ს, იმედს და მაესტროს. 8-9% გამოსდის, დაახლოებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს. იმ პირობებში, როდესაც კერძო მაუწყებლები არიან მოგებაზე ორიენტირებული, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო ნათელი და ცხადი ყოფილიყო, რა იყო ამ ტელევიზიების მოტივაცია, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცეს საშუალება, 200 ათას ლარიანი თანამონაწილეობით ყოფილიყო ამ ეგზიტპოლის ერთ-ერთი შემკვეთი", - თქვა სამეურვეო საბჭოს წევრმა.

სალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელი იყო "ფორმა და მეთოდი", რომლითაც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეგზიტპოლის ერთად ჩატარების თაობაზე აცნობეს.

"ჩემთვის მიუღებელი იყო ის ფორმა და მეთოდი, რომლითაც სამეურვეო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია ეგზიტპოლის ერთობლივად რამდენიმე კერძო ტელევიზიასთან ჩატარების თაობაზე. აქ საუბარი იყო კონსორციუმზე, რომელიც შექმნილი იყო GDS-ის, იმედის და მაესტროს მიერ. საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართეს მათ, რომ 200 ათასი ლარის გადახდის შემთხვევაში ისინი მზად იყვნენ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე გამხდარიყო ამ კონსორციუმის წევრი. ამ კონსორციუმს გარკვეული სამუშაოები უკვე შესრულებული ჰქონდა, როგორც ჩანს და გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში", - თქვა სულხან სალაძემ.

სამეურვეო საბჭოს წევრი პოლიტიკურ მიზეზებზე არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივ ეგზიტპოლში თანამონაწილეობა დამოუკიდებელ ნაბიჯად არ აღიქმება.

"პოლიტიკურ მიზეზზე ვერ ვილაპარაკებ, გარკვეული მიზეზები შეიძლება იყოს ან არ იყოს, ეს არ არის მნიშვნელოვანი, ჩემთვის იურიდიულად დოკუმენტურად გამიჭირდება საუბარი. მთავარი არის არა ის - პოლიტიკური მოტივიცია დევს თუ არა ამაში, არამედ, მთავარი ამოსავალი არის ის, რომ როგორც სამეურვეი საბჭოს წევრისთვის, მიუღებელია კერძო მაუწყებელთან ერთად ეგზიტპოლის ჩატარება. მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, რომ როდესაც უამრავი შეფასების და ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მედია არის პოლარიზებული პროსახელისუფლებოდ და ოპოზიციურად. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ რომელიმე მათგანის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღება და მათთან ერთად ამ საქმიანობის განხორციელება, ბუნებრივია, არ აღიქმება, როგორც დამოუკიდებლად გადადგმული ნაბიჯი. ამით საზოგადოებრივი მაუწყებელი დგამს ნაბიჯს რომელიმე მხარისკენ", - თქვა სალაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, მაესტრო და GDS ეგზიტპოლს ერთობლივად ჩაატარებენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლს კომპანია TNS-ს დაუკვეთავენ. მაუწყებლის დირექტორის გიორგი ბარათაშვილის თქმით, ველზე სამუშაოებს კომპანია GORBI ჩაატარებს. მისივე ცნობით, კონტრაქტის საერთო ღირებულება 937 635 ამერიკული დოლარია, ხოლო ამ თანხაში საზოგადოებრივი მაუწყებლის წილი - 200 ათასი ლარი.

აღსანიშნავია, რომ სხვა ტელევიზიებთან ერთად ეგზიტპოლის მომზადებას მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილებას მხარი გრიგოლ გოგელიამ, ირაკლი პაპავამ, გიორგი კოხრეიძემ და მარინა მუსხელიშვილმა დაუჭირეს, წინააღმდეგ ხმა სულხან სალაძემ და ქეთევან მსხილაძემ მისცეს, ხოლო ირინა ფუტკარაძემ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

კომენტარები