არჩევნები 2016

მსხილაძე ეგზიტპოლებზე: GPB სხვა ტელევიზიებთან გაერთიანებით გამოდის მხარე

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ქეთევან მსხილაძის შეფასებით, ეგზიტპოლების კერძო ტელევიზიებთან ერთად ჩატარებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური და კომერციული დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დგება. მსხილაძე ტაბულასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს იყო მთავარი არგუმენტი, რის გამოც, სხვა ტელევიზიებთან ერთად ეგზიტპოლის მომზადებას მხარი არ დაუჭირა. მისივე თქმით, კიდევ ერთი არგუმენტი კომპანია GORDI-ა, რომელიც საველე სამუშაოებს ჩაატარებს.

"ჩემი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს დამოუკიდებელი და ეს დამოუკიდებლობა, პოლიტიკური, კომერციული ზეგავლენისგან თავისუფლება არის კანონის მოთხოვნა საზოგადოებრივი მაუწყებელის წინაშე. როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი კერძო კომპანიებთან შედის ალიანსში, მისი პოლიტიკური დამოუკიდებლობა, რბილად რომ ვთქვათ, ეჭვქვეშ დგება, განსაკუთრებით, დღევანდელ ქართულ მედიალანდშაფტს თუ გავითვალისწინებთ, ვიცით, რომ ეროვნული, მსხვილი ტელევიზიები იყოფა ორ ბანაკად - ოპოზიციური და პროსახელისუფლო. ის სამი ტელევიზია, რომელთანაც საზოგადოებრივი მაუწყებელი გაერთიანდა, არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ პროსახელისუფლოა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთერთი ტელევიზია, ჯი-დი-ეს-ი ეკუთვნის ყოფილ პრემიერმინისტრს და ახლანდელი სამთავრობო პარტიის დამფუძნებელს. ასე რომ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ კონსორციუმში გაერთიანებით გამოდის მხარე, ვეღარ იქნება ნეიტრალური და ვერ შეასრულებს ნეიტრალური დამკვირვებლისა თუ გამშუქებლის როლს", - ამბობს მსხილაძე და აღნიშნავს, რომ მისი არგუმენტი ასევე იყო ის, რომ საველე სამუშაოებს გორდი ატარებს.

"შემსრულებელი საერთაშორისო კონსორციუმი TNS-ია, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ საველე სამუშაოებს ატარებენ ადგილობრივი კომპანიები. და ჩემი ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის, რომ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აბსოლუტურად განსხვავდებოდა ყველა ბოლოდროინდელი კვლევის შედეგებისგან", - თქვა მსხილაძემ ტაბულასთან საუბარში.

GPB-ის სამეურვეო საბჭოს წევრის შეფასებითვე, მისთვის ასევე აშკარაა კომერციული ზეწოლა.

"კვლევა ჯდება თითქმის ერთი მილიონი დოლარი, 938 000 დოლარი. კომერციული ტელევიზიების ინტერესი ცხადია, უნდა იყოს ამ ხარჯის განაწილება ოთხ ნაწილად, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებლის წილი არის მთლიანი თანხის 10%, შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი კომერციულად დავალდებულებული გამოდის იმ სამი ტელეკომპანიის წინაშე და სწორედ ეს ითვლება კომერციულ ზეწოლად, ასე რომ, დამოუკიდებელიც ვერ იქნება", - აღნიშნა მსხილაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის შეფასებითვე, "ამ გაერთიანებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ამყარებს, ზურგს უმაგრებს კერძო ტელევიზიების ეგზტიპოლს. საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ იქნება მონაწილე, უფრო დიდი მხარდაჭერა ექნება ამ ეგზიტპოლს - ოთხი ტელევიზიის ეგზიტპოლი ერთი ტელევიზიის ეგზიტპოლის საწინააღმდეგოდ".

ამასთან, ქეთევან მსხილაძის ინფორმაციით, სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ეგზიტპოლის ჩასატარებლად სხვა ტელევიზიებთან გაერთიანების არგუმენტად "ქვეყნის გადარჩენა" მოიყვანა. მსხილაძემ საბჭოს წევრის ვინაობის დასახელება არ ისურვა.

"მე მაგალითად, ასეთი არგუმენტიც მოვისმინე საბჭოს ერთ-ერთი წევრისგან, რომ "დიახ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქვეყნის გადარჩენას ხელი უნდა შეუწყოს, იმიტომ, რომ ერთადერთი, ვინც აურევს არჩევნების შემდეგ, იქნება ნაციონალური მოძრაობა ანუ მთავარი ოპოზიციური ძალა, ამიტომ არეულობის თავიდან ასაცილებლად, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დადგეს ქვეყნის გადარჩენის სადარაჯოზე", დაახლოებით ასეთი არგუმენტი იყო, რაც, რა თქმა უნდა, სასაცილო და საფუძველს მოკლებულია. ცხადზე ცხადია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ზურგი გაუმაგრა სამ კერძო პროსახელისუფლო ტელევიზიას", - ამბობს მსხილაძე.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, მაესტრო და GDS ეგზიტპოლს ერთობლივად ჩაატარებენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლს კომპანია TNS-ს დაუკვეთავენ. მაუწყებლის დირექტორის გიორგი ბარათაშვილის თქმით, ველზე სამუშაოებს კომპანია GORBI ჩაატარებს. მისივე ცნობით, კონტრაქტის საერთო ღირებულება 937 635 ამერიკული დოლარია, ხოლო ამ თანხაში საზოგადოებრივი მაუწყებლის წილი - 200 ათასი ლარი.

სხვა ტელევიზიებთან ერთად ეგზიტპოლის მომზადებას მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილებას მხარი გრიგოლ გოგელიამ, ირაკლი პაპავამ, გიორგი კოხრეიძემ და მარინა მუსხელიშვილმა დაუჭირეს, წინააღმდეგ ხმა სულხან სალაძემ და ქეთევან მსხილაძემ მისცეს, ხოლო ირინა ფუტკარაძემ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

კომენტარები