რუსთავი 2-ის საქმე

ოქრუაშვილი: კახა კალაძემ იძულებული გამხადა, რ2-ზე დოკუმენტი გამესაჯაროვებინა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, რუსთავი 2-თან დაკავშირებული დოკუმენტის ახლა გასაჯაროება მას გარკვეულმა გარემოებებმა და კახა კალაძემ აიძულეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა.

"არ ვაპირებდი ამის გამომზეურებას არჩევნების გამო გარკვეული დროის განმავლობაში და ვაპირებდი, უფრო სხვა ტიპის ურთიერთობებით გამერკვია ეს პრობლემა. გარკვეულმა გარემოებებმა იძულებული გამხადა ეს გამეკეთებინა, ეს პიროვნება არის ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე, რომელიც სამი წელია, ჩემთან ურთიერთობაში ჩასაფრებული და ფეხის დამდების პოზიციიდან რაღაცნაირად მეკინკლავება თუ მებრძვის.

2013 წელს საერთოდ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას, მინდოდა ბიზნესში, ენერგეტიკაში რაღაც პროექტის დაწყება, ქარის ტურბინების დამონტაჟება გორში, შესაბამისი წინადადებით მივმართე მას და მივიღე სრული იგნორირება. ის ხელმძღვანელობდა უშუალოდ ჩემი საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების პროცესს 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, ის ხელმძღვანელობდა ამას როგორც ცესკო-ში, ასევე სასამართლოებში, ის ხელმძღვანელობდა არჩევნებს გორში, სადაც მიუხედავად იმისა, რომ მე გამარჯვებას მივაღწიე, ეს გამარჯვება მომპარეს და წამაგებინეს. ის ხელმძღვანელობდა საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე ჩემი თანაგუნდელის ილია მეტრეველის გადაყენების პროცესს. წინასწარ იცოდა და იყო ჩემი გზავნილი ამის შესახებ, რომ თუ ამას გააკეთებდნენ, მე ამ ნაბიჯს გადავდგამდი", - თქვა ოქრუაშვილმა.

როგორც ოქრუაშვილი ამბობს, დოკუმენტში ორი პუნქტია: ერთი ეხება რუსთავი 2-ს, მეორე - გარკვეული ვალის გადახდას. ამასთან, ოქრუაშვილი საქართველოს სასამართლოებს არ ენდობა და დავის დაწყებას უცხოეთის სასამართლოებში გეგმავს.

"რუსთავი 2-თან დაკავშირებით მე დავას არ ვაპირებ საქართველოს სასამართლოებში. მშვენივრად მესმის, რომ ამ თემაზე შეუძლებელია რაიმე მიუკერძოებელი გადაწყვეტილების გამოტან აქ. ამ თემაზე ვიდავებ პარიზში ან ლონდონში, ქიბარ ხალვაში მიიღებს შესაბამის შეტყობინებას.

შარშან ნოემბერში მე ქიბარ ხალვაშს გავუგზავნე შეტყობინება, სადაც ვაფრთხილებდი, რომ მისი მხრიდან ჩემთან შეუთანხმებელი მოქმედების შედეგად მოუწევდა გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ჯარიმის გადახდა იმ 7 მილიონი დოლარის სახით, რომელზეც კონტრაქტშია საუბარი. მას შეუძლია, თქვას, რომ მოქმედებდა კეთილგონიერებით, ჩემთან შეუთანხმებლად, მაგრამ ჩემი ინტერესების შესაბამისად, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის 100%-იდან 50-ს გადუფორმებს ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს, ეს დარღვევაა, რომელსაც ჩემ გარეშე აკეთებს და ამას ვეღარ გააკეთებს", - თქვა ოქრუაშვილმა. მისივე თქმით, მეორე პუნქტთან, ვალის გადახდასთან დაკავშირებით საქართველოში იდავებს.

"ჩემი ინტერესია, რომ სასამართლო დავა ქიბარ ხალვაშსა და რუსთავი 2-ს შორის დასრულდეს და ამის შემდეგ დავიწყო იურიდიული პრეტენზიების გაცხადება", - თქვა ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილის თქმით, შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც ქიბარ ხალვაშსა და მას შორის 2010 წელს ბერლინში გაფორმდა, ადასტურებს, რომ ხალვაში რუსთავი 2–ის ნომინალური მფლობელია და რეალურად ტელეკომპანია ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის.

კომენტარები