მასწავლებელთა გამოცდა

დაწყებითი კლასების მასწავლებლის გამოცდა მხოლოდ 31-მა მსურველმა ჩააბარა

naec.ge

2016 წლის ზაფხულის საგნის გამოცდაზე დაწყებითი კლასის 3 024 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მხოლოდ 31-მა გადალახა. თუმცა, გამოცდების ეროვნული ცენტრის შეფასებით, "ამ გამოცდის შედეგების გამოყენება მოქმედი პედაგოგების რაიმე სახით შეფასებისა თუ ზოგადად მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე მსჯელობისათვის, არასწორი და არაკორექტულია". ცენტრი აღნიშნავს, რომ საგნის გამოცდაში მონაწილეობას იღებს როგორც მოქმედი პედაგოგი, ისე მასწავლებლობის მსურველი.

"შესაბამისად, შედეგები მოქმედი პედაგოგების შესაფასებლად გამოსადეგი არ არის. იმის გამო, რომ ცენტრს რამდენიმე მედიამ მიმართა ოფიციალური მოთხოვნით სტატისტიკური ინფორმაციის გაცემაზე (ინფორმაცია საჯაროა და ვალდებულნი ვართ დაინტერესებულ ორგანიზაციებს მივაწოდოთ შესაბამისი მონაცემები), საჭიროდ ჩავთვალეთ, კიდევ ერთხელ განგვემარტა ჩვენი პოზიცია და შეგვეხსენებინა, რომ ამ მონაცემების გამოყენება მასწავლებელთა კორპუსის შეფასებისათვის არ შეიძლება" - აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრი.

ჯამში, 2016 წლის ზაფხულში, საგნობრივ გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 13 673-მა მასწავლებელმა და მასწავლებლობის მსურველმა ვერ გადალახა. გამოცდაზე 22 799 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა. მათგან ტესტირებაზე 17 137 გავიდა. 

კომენტარები