მასწავლებელთა გამოცდა

მასწავლებელთა გამოცდაზე აპლიკანტების 80%-ზე მეტმა ზღვარი ვერ გადალახა

naec.ge

2016 წლის ზაფხულის საგნის გამოცდაზე 13 673-მა მასწავლებელმა და მასწავლებლობის მსურველმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. გამოცდაზე 22 799 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა. მათგან ტესტირებაზე 17 137 გავიდა. ამასთან, 2016 წლის ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდაზე გასული დაწყებითი კლასის 3024 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მხოლოდ 31-მა გადალახა. 

თუმცა, გამოცდების ეროვნული ცენტრის შეფასებით, "ამ გამოცდის შედეგების გამოყენება მოქმედი პედაგოგების რაიმე სახით შეფასებისა თუ ზოგადად მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე მსჯელობისათვის, არასწორია, ხშირად არაკორექტულიც".

"გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საგნის გამოცდაში მონაწილეობას იღებს როგორც მოქმედი პედაგოგი, ისე მასწავლებლობის მსურველი (მითუმეტეს, 2016 წელს პირველად შევთავაზეთ მასწავლებლის მომზადების ახალი პროგრამა, რამაც მსურველების რაოდენობა გაზარდა). შესაბამისად, შედეგები მოქმედი პედაგოგების შესაფასებლად გამოსადეგი არ არის. იმის გამო, რომ ცენტრს რამდენიმე მედიამ მიმართა ოფიციალური მოთხოვნით სტატისტიკური ინფორმაციის გაცემაზე (ინფორმაცია საჯაროა და ვალდებულნი ვართ დაინტერესებულ ორგანიზაციებს მივაწოდოთ შესაბამისი მონაცემები), საჭიროდ ჩავთვალეთ, კიდევ ერთხელ განგვემარტა ჩვენი პოზიცია და შეგვეხსენებინა, რომ ამ მონაცემების გამოყენება მასწავლებელთა კორპუსის შეფასებისათვის არ შეიძლება" - აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრი.

კომენტარები