ქორწინების თანასწორობა

ნაცვლიშვილი: ქორწინების საკითხის კონსტიტუციით განსაზღვრას მხარს დავუჭერ

2030

ქართული ოცნების ისნის მაჟორიტარი კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი ქორწინების ცნების კონსტიტუციით განსაზღვრას მხარს უჭერს. ნაცვლიშვილის თქმით, ემხრობა პრემიერის ინიციატივას, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქორწინება ქალის და მამაკაცის კავშირია. ქართული ოცნების კანდიდატის შეფასებით, თუ კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერი გაჩნდება, საზოგადოებაში ამ საკითხზე "უსაგნო დებატი" დამთავრდება. ნაცვლიშვილმა ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე, ტაბულას კითხვის პასუხად განაცხადა.

"კი, მე დავუჭერ მხარს. ზოგადად ეს საკითხი როდესაც დადგა დღის წესრიგში, ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელიც უნივერსალურია, აბსოლუტურად ყველა კულტურულ სივრცეს გააჩნია ამ ტიპის საკითხების მიმართ თავისი დამოკიდებულება, ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელიც უბრალოდ ადამიანის უფლებების საკითხია. მიმაჩნია, რომ ქართული რეალობისთვის, ქართული კულტურისთვის ასეთი საკითხების დღის წესრიგში დაყენებაც კი იწვევს საზოგადოებაში ძალიან სამართლიან ვნებათაღელვას. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ მოიხსნას დღის წესრიგიდან ასეთი საკითხების დაყენება, აუცილებელია, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რადგან შემდეგ, კონსტიტუციის ცვლილება იქნება ძალიან რთული და დამთავრდება უსაგნო დებატი ამ საკითხზე, რომელიც აბსოლუტურად ყველა ქართველისთვის ცალსახაა", - ამბობს ნაცვლიშვილი.

ტაბულას კითხვაზე, "კანონში რომ წერია, არ არის საკმარისი?", ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი პასუხობს, რომ "კანონის შეცვლა არის ძალიან მარტივი და კონსტიტუციის შეცვლა არის ძალიან რთული. კონსტიტუციაში როდესაც ჩაიწერება, დამთავრდება დებატები ამ საკითხზე და დავუბრუნდებით უფრო მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის ჯანდაცვის პოლიტიკა, განათლების პოლიტიკა, კულტურის პოლიტიკა, ეკონომიკის პოლიტიკა და ა.შ.".

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი თქვა, პრემიერმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ, ქართული ოცნება კვლავ დააყენებს საკონსტიტუციო ცვლილების საკითხს. მმართველ გუნდს სურს, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ერთობა.

კომენტარები