ისაკაძის კონცერტი ანაკლიაში

ლალი ჯანჯღავა: ისაკაძის კონცერტს რიგითი მსმენელები ვერ დაესწრებიან

რადიო თავისუფლება

ანაკლიაში ლიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ღამის სერენადები გაიმართება, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით მოეწყობა - ამის შესახებ ინფორმაციას livepress ავრცელებს. გუბერნიის კულტურის საკითხების კურატორის, ლალი ჯანჯღავას ინფორმაციით, კონცერტს რიგითი მსმენელები ვერ დაესწრებიან.

"კონცერტი გაიმართება ანაკლიის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე, სადაც მხოლოდ 250 ადამიანი ეტევა. მე ვარ კულტურის კურატორი რეგიონში და ვიცი ის საჭირო ადამიანები, რომლებიც უნდა დაესწრონ კონცერტს. მოსაწვევები გაეგზავნათ მუსიკალური განათლების მქონე ადამიანებს, მუსიკალური სკოლების ხელმძღვანელებს, მუზეუმების თანამშრომლებს, კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანებს. ასევე, გამგებლებს, საკრებულოების თავმჯდომარეებს, პრესსამსახურებს. იქ ისეთი ადამიანი უნდა იყოს, რომ მაღალი კულტურა ქონდეს მოსმენის, იმიტომ, რომ ძალიან სპეციფიური ღონისძიებაა. ასეთ საღამოებზე, ვცდილობთ რომ მაღალი კულტურის ადამიანები იყვნენ შეკრებილები. დახურულ საღამოზე ყველა მსურველი ვერ მოხვდება, ეს არ არის ღონისძიება ღია ცის ქვეშ", - განაცხადა ჯანჯღავამ და აღნიშნა, რომ კონცერტის ბილეთები არ იყიდება. 

"რიგით მოქალაქეებს, რომლებიც ლიანა ისაკაძის შემოქმედების მოყვარულები არიან, შეუძლიათ შეგვეხმიანონ და გავითვალისწინებთ", - განაცხადა ჯანჯღავამ.

შეგახსენებთ, რომ კლასიკური მუსიკის ფესტივალი 30 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარები