არჩევნები 2016

ISFED: პრემიერის შეხვედრების დროს, საჯარო მოხელეების მობილიზება ხდება

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის შეხვედრებზე დასწრების მიზნით საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზების ტენდენცია მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ანგარიშში წერია, რომ "შემთხვევები ძირითადად დაფიქსირდა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ სხვადასხვა ოლქში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დროს". Isfed-ი წერს, რომ "თითქმის ყველა შეხვედრაზე, ადგილობრივი საჯარო მოსამსახურეებისა და თვითმმართველი ერთეულების სისტემაში დასაქმებული პირების მობილიზება პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით ხდებოდა".

ასევე, სამართლიანი არჩევნების ცნობით, მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მოიმატა საარჩევნო სუბიექტების მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებმა. ანგარიშის თანახმად, საარჩევნო კანონმდებლობის არაერთი აკრძალვის მიუხედავად, საარჩევნო სუბიექტები და მათი წარმომადგენლები ამომრჩეველთა ფულადი სახსრებით დაინტერესებას თუ საჩუქრების გადაცემას სხვადასხვა მეთოდებით ახერხებენ.

"სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის, კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანოებმა მოსყიდვის ფაქტებზე არაეფექტური და არადროული რეაგირება მოახდინეს, რაც აღნიშნული სამართალდარღვევის წახალისებას იწვევს. სამწუხაროდ, პოლიტიკური კორუფციის ეს ფორმა ხელისფლების მხრიდან, ფაქტობრივად, სათანადო ყურადღების მიღმაა დარჩენილი და არცერთ სავარაუდო სამართალდამრღვევს კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია", - ნათქვამია ანგარიშში.

Isfed-ი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებს და მათ წარმომადგენლებს, წინასაარჩევნო პროცესში თავი შეიკავონ აგიტაციის იმგვარი ფორმისგან, რომელიც შეიცავს ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს და მიმართულია მათ თავისუფალ ნებაზე ნეგატიური ზემოქმედებისკენ. აღკვეთონ ამომრჩევლებისთვის ფულის, საჩუქრების, მომსახურების გადაცემა, დაპირება ან დაინტერესება კანდიდატების, წარმომადგენლების ან მათთან კავშირში მყოფი იურიდიული პირების მიერ. თავი შეიკავონ ამომრჩეველთათვის ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმების გზით დაპირებების გაცემისგან. ასევე, პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატად დასახელებულმა პირებმა, რომელთაც ამ დრომდე არ დაუტოვებიათ თანამდებობები, თავი შეიკავონ ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობისგან. 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 1 ივლისიდან ახორციელებს. მონიტორინგი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" (NED) მხარდაჭერით. წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში მოიცავს 2016 წლის 18 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდს. სამართლიანი არჩევნები საქართველოს მასშტაბით გამართულ 114 შეხვედრას დააკვირდა.

"საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად მოიმატა დარღვევებმა, რომლებზეც სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება საფრთხის შემცველია თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის. ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 4, ფიზიკური დაპირისპირების 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 3, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 4, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 8, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 4, სიძულვილის ენის გამოყენების 4, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტის ცვლილებების 7, საარჩევნო კომისიის წევრების გადაცდომის 3 ფაქტი", - აცხადებს Isfed.

კომენტარები