საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს

iar-gwu.org

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს - ამის შესახებ ინფორმაციას Independent სარკოზის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"გადავწყვიტე, რომ 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიყარო კენჭი. ვიგრძენი, რომ მაქვს ძალა, გავუძღვე ამ ბრძოლას მძიმე ისტორიულ წუთებში", - წერს სარკოზი საკუთარ Facebook-ზე.

სარკოზის გადაწყვეტილება ასევე ნახსენებია წიგნში "ყველაფერი საფრანგეთისთვის", რომელიც 24 აგვისტოს გამოქვეყნდება.

ცნობისთვის, რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზი ნოემბერშია დაგეგმილი, ხოლო სოციალისტების - იანვარში. 

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკელები ღია პრაიმერიზს პირველად ჩაატარებენ, ხოლო სოციალისტები მეორედ. პირველი ღია პრაიმერიზი მათ 2011 წელს გამართეს, სადაც ფრანსუა ოლანდი მარტინ ობრის დამარცხების შედეგად სოციალისტური პარტიის კანდიდატი გახდა.

რესპუბლიკელების პრაიმერიზის პირველი ტური 2016 წლის 20 ნოემბერს ჩატარდება. პრაიმერიზის მეორე ტური 27 ნოემბერს გაიმართება იმ შემთხვევაში, თუ პირველ რაუნდში ვერც ერთი კანდიდატი ხმათა სულ მცირე 50 %-ს ვერ დააგროვებს. ნიკოლა სარკოზის მთავარი კონკურენტი ალენ ჟუპე იქნება. შეგახსენებთ, რომ ჟუპე 1995-1997 წლებში შირაკის მთავრობის პრემიერ-მინისტრი იყო.

რაც შეეხება სოციალისტებს, მათი პრაიმერიზის პირველი ტური 2017 წლის 22 იანვარს გაიმართება. მეორე ტური კი 29 იანვარს ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ პირველი რაუნდის შედეგად ხმათა სულ მცირე 50 %-ს ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის აპრილ-მაისსში გაიმართება.

კომენტარები