კრიმინალი

ბახმაროში დამსვენებლებს, სავარაუდოდ, საკრებულოს მმართველი გუნდის დეპუტატმა სცემა

ნინო გამისონია

ჩოხატაურის საკრებულოს სახელისუფლებლო გუნდის დეპუტატმა ბახმაროში დამსვენებლებს სცემა - ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შემთხვევა 20 აგვისტოს საღამოს, ბახმაროში, ე.წ. ვიშკების დასახლებაში მოხდა. გურიის მოამბის ცნობით, დეპუტატი ბაკურ შარაშიძე ნასვამი იყო და დამსვენებლებს, რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად, დანით მიუვარდა.

ამავე ინფორმაციით, ნაცემი და დაშავებულია ხუთამდე დამსვენებელი. მათ შორისაა 12 წლის გოგონაც. გურიის მოამბის ცნობით, დაპირისპირება წყლის მიწოდების გამო დაიწყო. შარაშიძე ხსენებულ უბანში წყლის გამორთვას ითხოვდა, რადგან სასმელი წყალი მის უბანს მიეწოდებოდა.

როგორც ერთერთმა დამსვენებელმა გურიის მოამბეს უთხრა, ნაცემი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავის არეში დაზიანებები აქვს მის ბაბუასაც. დაშავებულია კიდევ ორი ქალი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ინციდენტი მართლაც მოხდა. თუმცა, უწყება ამ ეტაპზე არ გასცემს დეტალურ ინფორმაციას, მათ შორის დაშავებულთა რაოდენობის ან ასაკის, ასევე სავარაუდო დამნაშავის ვინაობის შესახებ.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ცემის მუხლით (სსკ-ის 125-ე მუხლი) მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დეტალებიც ამ პროცესში დადგინდება.

კომენტარები