არჩევნები 2016

ენმ-ის ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატი სანდრა რულოვსი იქნება

ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ის პარტიის წევრებმა სოფელ კორცხელში წარადგინეს. რულოვსმა მოსახლეობას მიმართა.

"დაახლოებით 4 წელია, რაც პირველი ლედი აღარ ვარ და ვუყურებ გვერდიდან, რა ხდება საქართველოში. ვსწავლობ, ქველმოქმედებას ვეწევი, მაგრამ ძირითადად არის ლოდინის რეჟიმი, ყველასთვის, არა მხოლოდ ჩემთვის - ხალხისთვის, რომელიც ძალიან გაჭირვებულია და ხედავს, ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. ასევე, ინვესტორისთვის, რომელიც ფულს არ ჩადებს ასეთ ქვეყანაში, სადაც ხედვა არ არის და არ ჩანს, საით მიემართება. რუსეთიც იცდის, როდის ჩაბარდება საქართველო. ახლა დაკავებული არიან უკრაინაში, მერე ისევ ჩვენთან მოვლენ, დამიჯერეთ.

მთავრობას ეს 4 წელი შეეძლო მუშაობა - მიშა არ იყო ქვეყანაში, ვინ უშლიდა ხელს? თუ არ უნდოდათ კარგი პროექტების გაგრძელება, თვითონ მოეფიქრებინათ რამე. რა გაკეთდა? მე ვერ ვხედავ. უარესია, სტაგნაციაა. გული მტკივა.

ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრე, "რა გავაკეთო - არ მინდა, პასიურად ვიჯდე სახლში. არ მინდა, ველოდო". ბევრმა მითხრა, "არ გინდა პოლიტიკა, ეს ტალახის სროლა, სკანდალები, დისკრედიტაცია და სიბინძურეა". ვიცი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მაწუხებს, მაგრამ უფრო მეტად მაწუხებს, რომ ქვეყანა გაქრება რუკიდან, როგორც 90-იან წლებში. ეს გვინდა? საქართველოს წინსვლა გვინდა.

მიშას ვესაუბრებოდი ძალიან ხშირად - "თვალებში ჩამხედე, ნამდვილად უნდა ვიცოდე, რომ, რაც მოხდა ცუდი, აღარ განმეორდება". დამიჯერეთ, აქ არ ვიდგებოდი, დარწმუნებული რომ არ ვიყო, რომ ძალადობა არ იქნება.

ჩემი პოლიტიკური ბრძოლა ფერისცვალებაა ნამდვილად. მინდა, ეს პოლიტიკური ბრძოლა მივუძღვნა იმ ადამიანებს, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყანას - საქართველოში, ერაყში, უკრაინაში, ავღანეთში", - თქვა სანდრა რულოვსმა.

კომენტარები