საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სფფ: პოლიტიკურად ნეიტრალური ფედერაცია უნდა იყოს და არა მისი პრეზიდენტი

ლევან კობიაშვილი

გუშინ საქართველოს პრემიერმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. ფეხბურთის ფედერაციის წესდების მესამე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, "სფფ არის ნეიტრალური პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებში". ტაბულას კი, ფეხბურთის ფედერაციაში განუცხადეს, რომ რელიგიურად და პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს ფედერაცია და არა მისი პრეზიდენტი.

ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ლევან კობიაშვილს შეუძლია, დარჩეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე, რადგან, „სფფ-ის პრეზიდენტი შეიძლება იყოს სფფ-ის წევრის მიერ წარდგენილი 24-დან 70 წლამდე პიროვნება, რომელსაც უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, აქტიურად ჩართული საფეხბურთო საქმიანობაში და არ უნდა იყოს ნასამართლევი“. მათივე განცხადებით, საქართველოს კანონით „სპორტის შესახებ“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წესდების შესაბამისად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს არ ეკრძალება იყოს დაკავებული სხვა, მათ შორის პოლიტიკური საქმიანობით.

"ამავდროულად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, უეფას მოთხოვნების შესაბამისად არის ნეიტრალური პოლიტიკურ საკითხებში, მიუხედავად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოლიტიკური საქმიანობისა“, - წერია ფედერაციის განცხადებაში.

ფიფას ეთიკის კოდექსის თანახმად, ფეხბურთის ფედერაცია ვალდებულია, შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი სამთავრობო დაწესებულებებთან, ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასოციაციებთან და ჯგუფებთან მიმართებით. უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური ფიფას პრინციპებისა და მიზნების შესაბამისად და მოიქცეს მისი ფუნქციის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი, ფედერაციის წესდებით, არის ფედერაციის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, ამიტომ წესდების დათქმა, რომ ფედერაცია პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებში ნეიტრალურია, პირველ რიგში ფედერაციის პრეზიდენტზე ვრცელდება.

ამის გარდა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი მკაფიოდ ადგენს, რა საქმიანობას შეიძლება, პარლამენტის წევრი პარალელურად ეწეოდეს. ესაა სამეცნიერო, პედაგოგიური, სახელოვნებო საქმიანობა, თუ ასეთი საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას.

პარლამენტის რეგლამენტით, ახალარჩეული პარლამენტის წევრი ვალდებულია, უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან შეწყვიტოს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი სამსახური / საქმიანობა და 7 დღის ვადაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წარუდგინოს შეუთავსებელი სამსახურის/საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება.

ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად 4 წლის ვადით 2015 წლის 3 ოქტომბერს აირჩიეს.

კომენტარები