არჩევნები 2016

ბედუკაძე: შეიძლება, არჩევნებში მონაწილეობა კვარაცხელიას პარტიის სახელით მივიღოთ

timer.ge

შესაძლებელია, პარტია ცენტრისტების წარმომადგენლებმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიის სახელით მიიღონ მონაწილეობა. ამის შესახებ ვლადიმერ ბედუკაძემ PrimeTimeNews-ს უთხრა. 

"ძალიან ბევრი პარტიაა, რომლებმაც ცესკოში უკვე გაიარეს რეგისტრაცია. შესაძლებელია, ჩვენ რომელიმე მათგანში გვიხილოთ, მათ შორის, არ არის გამორიცხული, ეს იყოს ვალერი კვარაცხელიას პარტია", - აღნიშნავს ბედუკაძე.

აღსანიშნავია, რომ ვალერი კვარაცხელია პარტია ცენტრისტების ერთ-ერთი დამფუძნებელია. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, 2002 წლის დამფუძნებელი ყრილობის ოქმით დგინდება, რომ პარტია ცენტრისტების თავმჯდომარე იყო თეიმურაზ ხაჩიშვილი, ხოლო პოლიტიკური საბჭო განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით: თეიმურაზ ხაჩიშვილი, ვახტანგ გოგუაძე, ვალერი კვარაცხელია, ალექსანდრე ჭილაძე, ვახტანგ თალაკვაძე, ჯემალ ნინუა, ლონგი ჭელიძე, თემურ ჯიშკარიანი, გოგი ბიჭაშვილი, დავით ქევხიშვილი, ელდარ გოდერძიშვილი, გელა ესაკია, ვაჟა ბახტურიძე და გელა პაპუაშვილი.

იმის გამო, რომ ცენტრისტებს 2006 წლის შემდეგ, არ ჰყავს და არ ჰყოლია ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, ცესკომ პარტიას რეგისტრაცია გაუუქმა. 

ვალერი კვარაცხელიას პოლიტიკური გაერთიანება "ნეიტრალური საქართველო" ცესკოში უკვე რეგისტრირებულია სახელით - "კვარაცხელია - სოციალისტები".

კომენტარები