თბილისის შემოვლითი რკინიგზა

პრემიერმა რკინიგზას თბილისის შემოვლითი რკინიგზის 22 თვეში დასრულება დაავალა

transparency.ge

თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა 22 თვეში უნდა დასრულდეს. შესაბამის განკარგულებას ხელი საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ მოაწერა. თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო, 2012 წლისთვის პროექტისთვის საჭირო კაპიტალური პროექტების ნახევარზე მეტი უკვე აშენებული იყო. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი ახალმა ხელისუფლებამ პროექტის განხორციელება სამშენებლო ხარვეზების გამოვლენის მოტივით სამი წლით შეაჩერა. ახლა მთავრობა სამუშაოების გაგრძელებას გეგმავს.

მთავრობის განკარგულებაში წერია:

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელების მიზნით, სს „საქართველოს რკინიგზას“ ეთხოვოს:

ა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის N497 განკარგულების შესაბამისად მომზადებული საპროექტო-საინჟინრო კვლევის საფუძველზე წარდგენილ თბილისის შემოვლითი რკინიგზის გაუმჯობესებულ პროექტზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროექტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის დასრულება ამ განკარგულების მიღებიდან არა უგვიანეს 22 თვის განმავლობაში;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, „ჩინთის რკინიგზის 23-ე ბიურო ჯგუფთან“ 2010 წლის 14 ივნისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

2. სს „საპარტნიორო ფონდმა“ და სს „საქართველოს რკინიგზამ“ უზრუნველყონ, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვოს, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება“, - წერია მთავრობის განკარგულეაში.

კომენტარები