თბილისის შემოვლითი რკინიგზა

ნარმანია: თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი გაგრძელდება

თბილისის საკრებულოში დებატებისას, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა კითხვას, გაგრძელდება თუ არა თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა, უპასუხა, რომ ხელისუფლებამ რკინიგზის პროექტის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

”თბილისის შემოვლით რკინიგზას რაც შეეხება, ისევე როგორც თქვენი ხელისუფლების ყოფნის პირობებში, პროექტების აბსოლუტურ უმრავლესობაში ხდებოდა, ამ პროექტის შემთხვევაშიც, პროექტი იყო დაწყებული ისე, რომ გეოლოგია და სხვა წინამოსამზადებელი სამუშაოები არ იყო ჩატარებული. ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ამ პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მაგრამ ის, რომ ამ პროექტის 80% იყო შესრულებული, ეს არის სიცრუე. დახარჯულია დაახლოებით 200 მილიონამდე, ამაში გეთანხმებით, მაგრამ ერთი მაგდენი უნდა ამ პროექტის დასრულებას. მაშ, თუ ამდენი კიდევ უნდა, რანაირად იყო 80% შესრულებული?” - განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეჩერდა. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა 2013 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ მთავრობა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის დაკონსერვებას აპირებდა, სანამ არ იქნებოდა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა გაგრძელებულიყო დედაქალაქის ცენტრიდან სარკინიგზო ხაზის გადატანის გეგმა.

ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ამჟამინდელი ხელისუფლებისგან ამ შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის გაგრძელებას მოითხოვდნენ.

თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი სარკინიგზო ხაზის ქალაქის ჩრდილოეთით გადატანას ითვალისწინებს, რის შედეგადაც ქალაქის ცენტრში 70 ჰექტარზე მეტი მიწა გამოთავისუფლდება ურბანული განვითარების პროექტებისთვის. პროექტი 2010 წელს დაიწყო და როგორც თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა აცხადებდა, სამუშაოების 80% უკვე შესრულებული იყო.

კომენტარები