ფულადი გზავნილები

ქვეყნების ათეული, საიდანაც ივლისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

REUTERS

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, ივლისში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $100.7 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით მეტია. წინა წელთან შედარებით ფულადი გზავნილების ზრდა ძირითადად საბერძნეთს უკავშირდება. გასული წლის ივლისში საბერძნეთში საგარეო ვალის კრიზისი იყო, რის გამოც საბერძნეთმა ყველა საერთაშორისო გადარიცხვა დაახლოებით ერთი თვით შეაჩერა. ამ შეჩერების გამო გასული წლის ივლისში საბერძნეთიდან საქართველოში მხოლოდ $0.9 მილიონი გადმოირიცხა, წელს კი საბერძნეთიდან გადმორიცხულმა თანხამ $11 მილიონი შეადგინა. ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი ოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია. 

ფულადი გზავნილების მიხედვით ივლისში უმსხვილესი დონორი ქვეყნების სია ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი - $37.7 მილიონი
  2. საბერძნეთი - $11 მილიონი
  3. აშშ - $11 მილიონი
  4. იტალია - $9.9 მილიონი
  5. თურქეთი - $7.3 მილიონი
  6. ისრაელი - $4.9 მილიონი
  7. ესპანეთი - $2.7 მილიონი
  8. გერმანია - $2.4 მილიონი
  9. უკრაინა - $1.6 მილიონი
  10. გაერთიანებული სამეფო - $1.4 მილიონი

რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა კლებას განაგრძობს. გასული წლის ივლისში რუსეთიდან საქართველოში $40 მილიონზე მეტი შემოვიდა, წელს კი ეს მაჩვენებელი $37 მილიონია. შემცირების მიზეზს რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისი წარმოადგენს. რუსეთში ემიგრირებული ქართველები შემოსავლებს რუბლში იღებენ, ვალუტის მნიშვნელოვანი დევალვაციის გამო კი მათ მიერ საქართველოში გამოგზავნილი თანხის რაოდენობა დოლარში შემცირებულია.

ივლისში საქართველოდან უცხოეთში $15.7 მილიონი გაიგზავნა.

კომენტარები