გატაცება რუხიდან

სოფელ რუხიდან რუსმა ოკუპანტებმა ორი ადამიანი გაიტაცეს

სოფელ რუხიდან რუსმა ოკუპანტებმა ორი ადამიანი გაიტაცეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ლევან მორგოშია და ფრიდონ მატკავა თევზაობის დროს, ქართული საგუშაგოს სიახლოვეს დააკავეს. კიდევ ერთმა ადგილობრივმა გაქცევა მოახერხა. გატაცებულების ახლობლების ინფორმაციით, ისინი ამ ეტაპზე გალის იზოლატორში იმყოფებიან. ოჯახები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, გამოსასყიდის მოთხოვნის შემთხვევაში თანხის გადახდას ვერ შეძლებენ. გარდა ამისა, ერთერთი დაკავებული მძიმე სენით არის დაავადებული და მუდმივ მკურნალობას საჭიროებს.

"გუშინ დილით წავიდნენ სათევზაოდ, საღამოს მოვიდა მათთან ერთად ვინც იყო ის კაცი და გვითხრა, რომ დაიჭირეს და წაიყვანეს რუსებმა. მერე დარეკეს და თქვეს, რომ ორშაბათამდე არ იქნება არაფერი. ახლა წასულები არიან ნათესავები, ჯერ-ჯერობით არც თანხაზე უთქვამთ არაფერი", - ამბობს ლევან მოირგოშიას მეუღლე, ლაიმა თოდუა.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთი ციხელაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მხარე დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

"გუშინდელი დღიდან, ძალიან მოკლე ხანში, როცა ეს ფაქტი მოხდა, ჩართული გახლავთ ცხელი ხაზი, რომელიც მოქმედებს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფარგლებშიც. ცხელი ხაზი დღესაც ამოქმედდება, ალბათ ცოტა ხანში გვექნება უფრო დაზუსტებული ინფორმაცია ამ ადამიანებთან დაკავშირებით. საქართველოს მხარის მოთხოვნა არის ერთი - დაუყოვნებლივ უნდა იქნენ გათავისუფლებული უკანონოდ დაკავებული ადგილობრივები" - აცხადებს ციხელაშვილი. 

 

კომენტარები