სამართალდამცველებმა ყოფილი პარლამენტარის ნოდარ მოდებაძის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა. ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თელავში აიყვანეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თელავის რაიონის სოფელ აკურაში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1950 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ა. ზ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო", - აცხადებს შსს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).
ნოდარ მოდებაძე, რომელიც 1999-2004 წლებში, საარჩევნო ბლოკ საქართველოს აღორძინების დეპუტატი იყო, 8 აგვისტოს მოკლეს.





