ზეწოლა ოპონენტებზე

ბეჟაშვილი ოფისის დარბევაზე: ცდილობენ ტერორით შეინარჩუნონ ხელისუფლება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

დედოფლისწყაროში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს. როგორც ენმ-ის დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა კანდიდატმა, ლევან ბეჟაშვილმა ტაბულას უთხრა, ოფისს ღამით საღებავები და ქვები ესროლეს. ბეჟაშვილი ამბობს, რომ დედოფლისწყაროში ზეწოლა არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებზე, არამედ მოქალაქეებზეც ხორციელდება.

"ღამით ოფისს საღებავები და ქვები ესროლეს. დაზიანებულია ბანერი და შუშები. ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ქართული ოცნება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბოლო წლებია ახორციელებს. როგორც ჩანს, კვირიკაშვილის პრემიერმინისტრობა მისი წინამორბედის საქმიანობის გაგრძელებაა. გავიხსენოთ კორცხელის ფაქტი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა დაშინება, დაშანტაჟება, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და ა.შ. ახლა უკვე წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლა ქართული ოცნებისა და მისი ლიდერის, კვირიკაშვილის ჩვეულებრივი ფორმა იქნება. სამწუხაროა, რომ ეს ფაქტები პირველი არ არის დედოფლისწყაროს რეალობაში. დაახლოებით 2015 წელს დაცხრილეს ეს ოფისი, თავმჯდომარეს მანქანა დაუწვეს, ეს პერმანენტულად გრძელდება. არა მარტო პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ხორციელდება ზეწოლა, არამედ ცდილობენ ხალხის დაშინებას სოციალური დახმარების ჩამორთმევის მუქარით, სამსახურიდან დათხოვნის მუქარით. ეს ყველაფერი რეალურად ასახავს აგონიაში მყოფი ხელისუფლების სურათს, იმიტომ რომ ისინი ცდილობენ დაშინებით და ტერორით შეინარჩუნონ ხელისუფლება. თუმცა, ამ ყველაფერს ხალხი სათანადო პასუხს 8 ოქტომბრის არჩევნებზე გასცემს", - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

კომენტარები