ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე

ფოფხაძე და ბესელია: ენმ საკონსტიტუციოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას ცდილობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გედევან ფოფხაძემ და ეკა ბესელიამ ქართულ საზოგადოებასა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართეს. მიმართვაში ნათქვამია, რომ მათი მიზანი საზოგადოებისთვის „ნაციონალური მოძრაობის სახის“ ჩვენებაა. განცხადებაში წერია, რომ ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას ცდილობს.

"წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და ინსტიტუტი იყო პოლიტიზებული, ისევე  როგორც საკონსტიტუციო სასამართლო. რეალურად არანაირი ზღვარი არ არსებობდა სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მაშინდელ მმართველ პარტიას შორის. სწორედ ამ უკანასკნელს ემსახურებოდა ყველა სახელმწიფო ორგანო.  თავის მხრივ, პარტია ატარებდა ერთი ადამიანის და  მასთან დაახლოებული მცირე ჯგუფის ინტერესს“, - ამბობენ ბესელია და ფოფხაძე.

მიმართვაში ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის ინტერესის დამცველები იყვნენ. ბესელიას და ფოფხაძის თქმით,  საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია "დაკომპლექტებულია ერთი პოლიტიკური გუნდის წევრებით“.

"დღეს ყველასთვის ნათელია, თუ როგორ იყო ფორმირებული საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც მისი  თავმჯდომარე, გ. პაპუაშვილის სახით, გვევლინებოდა „ნაციონალური მოძრაობის“  ინტერესების დამცველად,რომლისთვისაც კანონზე მაღლა იდგა ყოფილი მმართველი პარტიის პოლიტიკური ინტერესები და სადაც წამყვან ძალას ამავე პარტიისთვის „განსაკუთრებით საიმედო“ პირველი კოლეგია წარმოადგენდა. სწორედ ეს უკანასკნელი იყო ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საქმის უპირობო განმხილველი, ვინაიდან იგი დაკომპლექტებულია ერთი პოლიტიკური გუნდის წევრებით, რომლებიც წლების განმავლობაში ერთმანეთთან დაკავშირებული იყვნენ მეტად მჭიდრო სამსახურებრივი და პირადი ურთიერთობებით“, - წერია მიმართვაში.

უმრავლესობის დეპუტატების თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ნაწილი „საკონსტიტუციო რევოლუციის“ ჩაშლით გაწბილებულია და ისინი კვლავ ცდილობენ შეასრულონ პარტიული დავალება.

"სასამართლოს თავმჯდომარისა და მასთან გამორჩეულად დაახლოებული რამდენიმე  მოსამართლის მოქმედებების შინაარსი სრულად შეესაბამება „ნაციონალური მოძრაობის“  ხელწერას და აშკარად გამოიკვეთა, რომ ზემოხსენებული პოლიტიკური ძალის უკანასკნელ საყრდენს წინასაარჩევნო ქაოსისა და „ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის“შესაქმნელად   სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს ჯგუფი წარმოადგენდა, რომელიც, „საკონსტიტუციო რევოლუციის“  სცენარის ჩაშლით გაწბილებული, კვლავ ცდილობს შეასრულოს პარტიული დავალება. როგორც კი საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლემ  შეძლო თავის დაღწევა პარტიული გავლენისგან, ვინაიდან ისინი მიხვდნენ, რომ შესაძლო დესტრუქციული მოქმედებებით საერთოდ შესაძლოა ქვეყანა ამოვარდნილიყო ნორმალური განვითარების კალაპოტიდან და ყოფილ სახელისუფლებო გუნდს არ მისცეს საკუთარი თავით მანიპულირების საშუალება, მათ წინააღმდეგ მყისიერად ამუშავდა „ნაციონალური მოძრაობის სააგიტაციო მანქანა“ “ ,- აღნიშნულია მიმართვაში.

განცხადებაში წერია, რომ  2 კვირის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა „საარჩევნო პროცესში კოლაფსის“ შექმნას და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო გიორგი პაპუაშვილმა "პროვოკაციული განცხადებები“ მოსამართლეების ზეწოლასთან დაკავშირებით. მათი მტკიცებით, „გასაჩივრებული საარჩევნო ნორმების გაუქმების შემთხვევაში, რეალურად დარჩენილი მცირე დროის გათვალისწინებით, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა“.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პოლიტიკოსების განცხადებას გუშინ გამოეხმაურა. პაპუაშვილის თქმით, "გამოითქვა მოსაზრება, რომ მოსამართლეთა ერთი ნაწილი მხარს უჭერდა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რაც გამოიწვევდა არჩევნების ჩაშლას (რასაც ე.წ "საკონსტიტუციო გადატრიალებაც" კი დაარქვეს), ვინაიდან დროის მოკლე მონაკვეთში შეუძლებელი იქნებოდა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და საარჩევნო ოლქების ხელახალი ადმინისტრირება".

სასამართლოს თავმჯდომარის შეფასებით, განცხადებების ავტორებს ან არ წაუკითხავთ გადაწყვეტილება ან არ ესმით მისი შინაარსი, ან განზრახ ახდენენ გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტირებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

"უნდა აღინიშნოს, რომ საქმის გადაწყვეტაში მონაწილეობდა სულ 8 მოსამართლე და ისინი იყვნენ ერთსულოვანნი გადაწყვეტილების იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა პარლამენტის მიერ საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენას და ერთხმად მიიჩნიეს, რომ ეს ნორმები შეესაბამებოდა კონსტიტუციას. ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას თეორიულადაც კი არ შეეძლო გამოეწვია პარლამენტის მხრიდან საარჩევნო ოლქების ხელახლა მოწესრიგების საჭიროება და შესაბამისად არჩევნების ჩაშლა.

გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლეთა ხმები ორად გაიყო მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც უკავშირდებოდა ცესკო-ს მიერ საარჩევნო ოლქების დადგენისას გამოყენებულ კრიტერიუმებს. განხილვაში მონაწილე მოსამართლეთა ნაწილს, რომელიც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას უჭერდა მხარს, მიაჩნდა, რომ კანონმდებლობა არ შეიცავს საკმარისად ცხად კრიტერიუმებს, რომელიც ცესკო-ს შესაძლებლობას მისცემს საარჩევნო ოლქების საზღვრები კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად დაადგინოს. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სარჩელი ამ ნაწილში და კმაყოფილდებოდა, ის არ გამოიწვევდა ცესკო-ს მიერ საარჩევნო ოლქების თავიდან დადგენის პირდაპირ ვალდებულებას, ვინაიდან ცესკო-ს მიერ დადგენილი ოლქები გასაჩივრებული არ ყოფილა" - ნათქვამია პაპუაშვილის განცხადებაში.

კომენტარები