ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე

ფაფიაშვილი შვებულებაში გასვლაზე: ეს ჩემი პერსონალური საკითხია

საკონსტიტუციო სასამართლო

რუსთავი 2-ის საქმის განსახილველად კანონით დადგენილი 9-თვიანი ვადა ივლისის ბოლოს გავიდა, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია, მაშინ როცა მეორე კოლეგიამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო ბებიის გვარის საკუთარ გვართან მიერთების კონსტიტუციურობაზე. საკონსტიტუციოს მოსამართლეების ნაწილი ამბობდა, რომ რუსთავი 2-ის, გიგი უგულავას და კაბელების საქმის საკონსტიტუციო სარჩელების განხილვა ვერ მოხდებოდა მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიების დასრულებამდე. ამასთან, სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ზეწოლის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსამართლეებზე შანტაჟის ერთ-ერთი მიზანი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაჭიანურება იყო.

ტაბულა დაინტერესდა, როდის აპირებენ საკონსტიტუციოს მოსამართლეები შვებულებაში გასვლას, რადგან ამ შემთხვევაში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების განხილვა კიდევ უფრო გაიწელება და შესაძლოა, მოსამართლეთა შვებულებაში გასვლა სწორედ გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაჭიანურებას ემსახურებოდეს.

მეორე კოლეგიის მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის თქმით, მისი შვებულებაში გასვლა პერსონალური ინფორმაციაა და მხოლოდ მაშინ გახდება საჯარო, როდესაც შვებულების შესახებ განცხადებას დაწერს.

"ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს იმდენად პერსონალური ინფორმაციაა, რომ ამაზე წვდომა არავის არ აქვს. როდესაც დავწერ განცხადებას, შესაბამის ინფორმაციას თქვენც მიიღებთ, საჯარო გახდება. რას ვგეგმავ და რას არ ვგეგმავ, ეს ჩემი პერსონალური საკითხია“, - ამბობს ლალი ფაფიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები შვებულებაში  სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის ნებართვის გარეშე ვერ გავლენ.

ტაბულა ამ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციოს სხვა მოსამართლეებსაც დაუკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ 21 ივლისს ისაუბრა. პაპუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მოსამართლეებს ფარულად უთვალთვალებენ და ემუქრებიან. მთავარმა პროკურატურამ გამოკითხა საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე და განაცხადა, რომ გამოკითხულები მათზე ზეწოლის ფაქტებსს უარყოფენ.

პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის II ნაწილითა და 157(1) მუხლის I ნაწილით.

კომენტარები