ქორწინების თანასწორობა

პრეზიდენტი ქორწინებაზე რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფს შეხვდება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი ხვალ ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდება. 

„პრეზიდენტი ხვალ შეხვდება საინიციატივო ჯგუფის წევრებს და, ბუნებრივია, კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში, პრეზიდენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა აგვისტოს ბოლომდე უნდა გადაწყვიტოს, დანიშნავს თუ რეფერენდუმს ქორწინებასთან დაკავშირებით. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტ მარგველაშვილს ამ საკითხზე რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა 1 აგვისტოს გადაუგზავნა, რომელსაც თან ერთვის ცესკო-ს დასკვნაც.   

სარეფერენდუმო კითხვა, შემდეგი ფორმულირებით: "თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის“ - ცესკოში სანდრო ბრეგაძემ (დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე), სოსო მანჯავიძემ და ზვიად ტომარაძემ მიმდინარე წლის 13 მაისს შეიტანეს.
 

ცესკო-ში აცხადებენ, რომ ერთი თვის შემდეგ, 12 ივნისს, საინიციატივო ჯგუფმა კანონმდებლობის შესაბამისად კითხვის ფორმულირება დააზუსტა. 

"ამის შემდეგ, მათ უნდა წარმოედგინათ არანაკლებ 200 ათასი ხელმოწერა. მათ ცესკო-ში წარმოადგინეს 224 ათასი ხელმოწერა, ცესკო-ს შესაბამისმა დეპარტამენტმა გადაამოწმა წარმოდგენილი ხელმოწერები, რის შემდეგაც გაბათილდა - 23 652 და დარჩა 200 348 ხელმოწერა. ამის შემდეგ, ვინაიდან ყველაფერი აკმაყოფილებდა ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკო-მ მოამზადა დასკვნა და აღნიშნული დასკვნა და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა რეფერენდუმის მოწყობის შესახებ გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს", - განუცხადეს ტაბულას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე და სპიკერი, ანი მიქელაძე ტაბულასთან საუბარში შემდგომ პროცედურებს განმარტავს. მისი თქმით, საარჩევნო კოდექსის მუხლი 179-ის მიხედვით, "რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს წარედგინება, და ჩვენ უკვე წარვუდგინეთ ცესკო-ს დასკვნა და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა. ამის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, ან ნიშნავს რეფერენდუმს და აცხადებს რეფერენდუმის თარიღს, ან მოტივირებულ უარს განაცხადებს. ეს არის ბრძანებულება. ბრძანებულება დანიშვნის ან უარის შესახებ, იქნება გამოქვეყნებული. კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამის წესს, როგორ ქვეყნდება და, გარდა ამისა, პრეზიდენტის ამ ბრძანებულებას ესაჭიროება პრემიერმინისტრის კონტრასიგნაცია", - უთხრა ტაბულას მიქელაძემ.

მისივე თქმით, რეფერენდუმის შედეგები, იმ შემთხვევაში, თუკი დაინიშნება, არის იმპერატიული შესასრულებლად.

წარსულში, პრეზიდენტმა ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინებაზე მსჯელობას "მოგონილი თემა" უწოდა და განაცხადა, რომ "სამოქალაქო კოდექსში გადაწყვეტილია ის საკითხი, რომ ქორწინება არის ქალსა და მამაკაცს შორის. ქორწინების მიმართ პოზიცია საერთოდ არ არის ჩამოსაყალიბებელი, იმიტომ, რომ ჩამოყალიბებულია. საქართველოს მოსახლეობის 99.9% ასე ფიქრობს, რომ მიუღებელია ერთსქესიანთა ქორწინება. საქართველოს კანონმდებლობაში ეს გაწერილია... ამაზე ვილაპარაკოთ, მაშინ, როცა გვშია და ოკუპირებული ვართ?" - თქვა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

კომენტარები