ოსკარ პისტორიუსი

ოსკარ პისტორიუსი მაჯების დაზიანების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს

reuters

სამხრეთაფრიკელი პარაოლიმპიელი სპორტსმენი ოსკარ პისტორიუსი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ციხის წარმომადგენლის განმარტებით, პისტორიუსმა დაზიანებები საწოლიდან გადმოვარდნისას მიიყენა. მისი თქმით, სპორტსმენმა მაჯები "უმნიშვნელოდ" დაიზიანა. 

ცნობისთვის, პისტორიუსს შეყვარებულის, რივა სტინკამპის მკვლელობისთვის 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 29 წლის პისტორიუსმა შეყვარებული 2013 წლის თებერვალში საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. პარაოლიმპიელის თქმით, რივა სტინკამპი სახლში შეპარული მძარცველი ეგონა და მას თავდაცვის მიზნით ესროლა.

პისტორიუსს ციხეში 1 წელი უკვე მოხდილი აქვს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, კარგად მოქცევის შემთხვევაში, მისი პატიმრობის პირობითით შეცვლაც შესაძლებელია.

პისტორიუსი პარაოლიმპიადის 6-გზის ოქროს მედალოსანია. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ის გახდა პირველი პარაოლიმპიელი, ვისაც ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება დართეს.

კომენტარები