სამართალდამცველებმა 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რუსლან ჩ., დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინაააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოქალაქეს 60 000 ლარს სძალავდა და მისი ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული მოგების ყოველთვიურ წილს ითხოვდა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, არარეგისტრირებული პისტოლეტი და 5 ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად გამოძალვის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინაააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).