ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე

გიორგი პაპუაშვილის გამოსაკითხად გამომძიებლები საკონსტიტუციოში მივიდნენ

constcourt.ge

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს დღეს გამოკითხავენ. პროკურატურის წარმომადგენლები უკვე ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში იმყოფებიან.

პროკურატურას პაპუაშვილთან კითხვები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე აქვს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ 21 ივლისს ისაუბრა. პაპუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მოსამართლეებს ფარულად უთვალთვალებენ და ემუქრებიან. მთავარმა პროკურატურამ გამოკითხა საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე თავმჯდომარის გარდა. უწყების ინფორმაციით, გამოკითხული მოსამართლეები მათზე ზეწოლის ფაქტებსს უარყოფენ.

პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის II ნაწილითა და 157(1) მუხლის I ნაწილით.

კომენტარები