რძის რეგლამენტი

1 აგვისტოდან პროდუქტები "რძის-ებრი" ან "არაჟნის მსგავსი" ბაზრიდან გაქრებიან

Getty Images

2016 წლის პირველი აგვისტოდან ძალაში სრულად შედის მთავრობის მიერ გასულ წელს მიღებული რძის რეგლამენტი, რაც ყველა რძის მწარმოებელ კომპანიას უკრძალავს ისეთი დასახელებების გამოყენებას როგორიცაა "კარაქისებრი," "კარაქის მსგავსი," "ხაჭოსებრი," "არაჟნისებრი," და ყველა სხვა მსგავსი შინაარსის შემცველი დასახელება.

ეს კი ნიშნავს, რომ პროდუქტები, რომელთა დასახელებაშიც გამოყენებული იქნება სიტყვები - კარაქი, რძე, მაწონი, არაჟანი და ხაჭო არ იქნებიან მცენარეული ცხიმის შემცველობის. 

რძის რეგლამენტი ნაწილობრივ 2015 წლის პირველ აგვისტოს ამოქმედდა. სწორედ გასული წლის პირველი აგვისტოდან გამოჩნდა ბაზარზე პროდუქტები დასახელებით "რძის მსგავსი" - პროდუქტის ასეთი დასახელება მიანიშნებს, რომ ის ცხოველურ ცხიმთან ერთად მცენარეულ ცხიმსაც შეიცავს. ასეთი ტიპის დასახელებები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარდამავალი ერთწლიანი პერიოდისთვის შექმნა, ამ პერიოდის დასრულების შემდეგ კი ბაზარზე დარჩება მხოლოდ 100%-ით ცხოველური ცხიმების შემცველი რძის ნაწარმი.

კომპანიები მცენარეულ ცხიმებს საკუთარ ნაწარმს ძირითადად იმიტომ ურევენ, რომ ამ უკანასკნელის ფასი შედარებით დაბალია და ის პროდუქტს უფრო კონკურენტუნარიან ფასს სძენს. მას შემდეგ რაც კომპანიებს აღარ შეეძლებათ მცენარეული და ცხოველური ცხიმების ნაზავით დამზადებული პროდუქციის - "კარაქისებრის," ან "ხაჭოს მსგავსის" გაყიდვა შესაძლოა ბაზარზე რძის ნაწარმის ღირებულება გაიზარდოს, ან კომპანიებმა იგივე ფასების შესანარჩუნებლად მოგების მარჟა შეამცირონ. 

უცნობია თუ რას დაარქმევენ 2016 წლის აგვისტოდან მწარმოებლები იმ პროდუქტებს, რომლებიც როგორც ნატურალური ისე მცენარეული ცხიმებისგან შედგება, რადგანაც ამ პროდუქტების აღწერისთვის მათ აღარ შეეძლებათ მომხარებელთათვის ნაცნობი დასახელებების გამოყენება.

კომენტარები